მოწამე ემილიანე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) მეფობის ჟამს აღესრულა ქრისტესათვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება -ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი.
მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად.
ერთ დღეს წმიდა ემილიანე ფარულად შევიდა წარმათთა შესაკრებელში, დაამსხვრია ცრუღმერთების უსულო ქანდაკებები, დაამხო მათი სამსხვერპლოები და იქაურობას მშვიდობით განერიდა. მალე წარმართებმა შეიტყვეს, რომ მათი საკერპო აოხრებული და დარბეული იყო. განრისხებულმა უსჯულოებმა იქვე, მახლობლად შემთხვევით მიმავალ უდანაშაულო გლეხს მოჰკრეს თვალი და უმოწყალოდ სცემეს. წმიდა ემილანეს შეებრალა უდანაშაულო გლეხი და საჯაროდ განაცხადა: „კერპები მე დავამსხვრიე“. უსჯულოებმა იგი შეიპყრეს და მსაჯულ კაპიტოლინს მიჰგვარეს. კარისკაცის ბრძანებით ნეტარი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ცეცხლზე დაწვა მიუსაჯეს. კოცონზე შეგდებული ემილიანე უვნებელი დარჩა. ირგვლივ სასეიროდ შეკრებილი ბევრი წარმართი კი ცეცხლის ალმა შემუსრა. ბოლოს კი, როდესაც შეშა ჩაიწვა, მარტვილმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს 363 წელს. მოგვიანებით კონსტანტინოპოლში წმიდა ემილიანეს სახელობის ტაძარი ააგეს, სადაც გადაასვენეს კიდეც მისი უხრწნელი ნაწილები.