| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსმოწამე კოზმან ხუცეს-მონაზონი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი დავით გარეჯელის მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იყო სრულიად საქართველოსთვის სულიერი და კულტურული ცხოვრების ცენტრი. საქართველოს სამეფო კარი ყოველთვის უწევდა ანგარიშს გარეჯელ მამათა აზრს. გარეჯის უდაბნოში უმნიშვნელოვანესი მწიგნობრულ-ლიტერატურული კერა იყო. აქ იქმნებოდა ორიგინალური სასულიერო ხასიათის თხზულებები, მრავლდებოდა ძველი ქართული ხელნაწერები, მზადდებოდა ახალი. გარეჯელი მოღვაწეები აღადგენდნენ ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლებისა და ასკეტიკურ-ჰომილეტიკური თხზულებების კრებულებს, ეხმარებოდნენ სხვა მონასტრებთან არსებულ ლიტერატურულ სკოლებს. სწორედ ამ წმინდა სავანეში, კერძოდ მრავალმთის მონასტერში, მოღვაწეობდა წმიდა კოზმან ხუცეს-მონაზონი. სამწუხაროდ, მისი ცხოვრების ვრცელი ბიოგრაფიული ცნობები ისტორიამ არ შემოგვინახა. დაკარგულია მისი კალმით შექმნილი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-ლიტერატურული ნაშრომიც - „შესხმა ქეთევან დედოფლის“, რომელსაც, საუბედუროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილი ისტორიკოსის, პლატონ იოსელიანის მოწმობით, წმიდა კოზმან ხუცეს-მონაზონი უდაბნოს მორიგი დარბევის დროს შეუპყრიათ უდაბნოს მოსულ ლეკ მოთარეშეებს და უწამებიათ 1630 წელს. |