მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე მარინე
#წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე მარინე პისიდიის ანტიოქიაში მცხოვრები ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით დაობლებულ ჩვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამზრდელმა ქრისტიანული სარწმუნებით აღზარდა ნეტარი. ამასობაში იმპერატორმა დიოკლიტიანემ (284-305 წწ.) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად 15 წლის მარინეს შეხვდა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს რომ ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესათვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ოლიმბრიმ მის თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ქალწულს, იმედი ჰქონდა რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.

სამსჯავროზე წმიდა მარინემ უშიშრად აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკად აწამეს და დილეგში ჩააგდეს. საპყრობილეში გამომწყვდეული ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა. ღამით მარტვილის თავს  ზემოთ მანათებელი ჯვარი გაბრწყინდა, ჯვარს თეთრი მტრედიც დაადგა და ზეგარდმო გაისმა: „გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო!  რამეთუ დათრგუნე მხდომის სივერაგე; გიხაროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცისათა!“ წმიდა მარინეს წყლულები გაუქრა, გული სიხარულით აევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სრულიად ჯანმრთელი წარდგა მსაჯულის წინაშე.

მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა აღმსარებელმა ისევ და ისევ ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა. უღმრთოებმა ახალ-ახალი სატანჯველები დაატეხეს წმიდანს, ბოლოს კი წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩააგდეს. დასახრჩობად განწირული მარინე ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკვრელები თავისით შეეხსნა და კვლავ ცოცხალი დარჩა. საკვირველმა სახილველმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ეპარქი კი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. მაშინ 1500 ქრისტიანი ეწამა. წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს.

ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის პატიოსანი მკლავი; მეორე მკლავი კი საქართველოში ინახება.