| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე იულია ქალწული
#წმინდათა ცხოვრება მოწამე იულია ქალწული კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი წმიდა იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე. ერთხელ წმიდა იულიას ბატონი გაემგზავრა გალიაში სავაჭროდ და წმიდა ქალწულიც თან წაიყვანა. როცა ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როცა მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ. ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. როცა იულიას წმიდა სული ნატანჯ სხეულს გაეყარა, ხალხმა შენიშნა, თუ როგორ მოსწყდა თოვლივით სპეტაკი მტრედი მის ბაგეებს, სხვებმა კი ნეტარის სხეულს გარშემორტყმული ნათლის ანგელოზები იხილეს ცხადად. საკვირველი ჩვენებებით დამფრთხალი უღმრთოები სწრაფად განერიდნენ იქაურობას, მარტვილის ცხედარი კი ჯვარზე დატოვეს. იმავე ღამეს, მეზობელ კუნძულზე მდებარე მონასტრის ბერებს ღვთაებრივი გამოცხადებით ებრძანათ, თავიანთ სავანეში დაეკრძალათ უფლის სათნომყოფლის ნეშტი. ძმები ასეც მოიქცნენ. 763 წელს წმიდა იულიას უხრწნელი, სასწაულთმოქმედი ნაწილები ქალაქ ბრეშიის დედათა მონასტერში გადააბრძანეს ( ნეტარის მიცვალების ზუსტი თარიღი არაა ცნობილი: ერთი ცნობით ის 440 წელს აღესრულა, სხვა წყაროთა მოწმობით კი - 626 წელს). |