| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწმე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწმე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლ. 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიალებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა ქრისტიანები იყვნენ, უარი განაცხადეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე, მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს. ქრისტიანობის ასე ფართოდ გავრცელება ეპისიკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა ბრძანება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარის დააპატიმრეს. საპატიმროში ათინოგენე განამტკიცებდა სულიერ შვილებს. მისი მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამეებმა სამსჯავროზე ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. მოწაფეთა მარტვილობრივი აღსასრულის შემდეგ ჯალათებმა ნეტარი ათინოგენეს წამება დაიწყეს. ღვთის შეწევნით მარტვილმა ღირსეულად დაითმინა საშინელი ტკივილები და ერთადერთი რამ ითხოვა - მონასტერში დაესაჯათ სიკვდილით. თავის სავანეში მიყვანილმა წმიდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ქრისტეს სახელისთვის წამების ღირსი შეიქმნა და მხურვალე ლოცვით ცოდვათა მიტევება გამოითხოვა ყველასათვის, ვინც მასა და მის მოწაფეებს მოიხსენიებდა. |