მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა იულიანე-კენომანიელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა იულიანე-კენომანიელი ეპისკოპოსი პეტრე მოციქულმა აკურთხა მღვდელმთავარად. მას აიგივებენ სიმონ კეთროვანთან (მკ.14,3), რომელსაც ნათლისღებისას იულიანე ეწოდა. პეტრე მოციქულმა იულიანე გალიაში გაგზავნა. ნეტარი ჩავიდა იტალიის სამხრეთით, კენომანიაში; ქალაქგარეთ, პატარა ქოხში დამკვიდრდა და წარმართთა შორის სახარების ქადაგება დაიწყო. წმიდა იულიანეს მიერ აღსრულებული სასწაულების ხილვამ მათ გულებში თანდათან იულიანესადმი ნდობა გააღვივა. უამრავი ადამიანი მოდიოდა ნეტართან დახმარების სათხოვნელად. ისიც კურნავდა სნეულებს და ქრისტეს სარწმუნოების ნათლით ანათლებდა უღმერთობის წყვდიადში მყოფთ.

წმიდა მამამ ლოცვის შემდეგ გამხმარ მიწას კვერთხი დაჰკრა და წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარი ეპისკოპოსი თავისთან მიიწვია. ნეტარ მამას შეეცოდა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმიდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა. მთავრის მიბაძვით, მის ქვეშევრდომთა უმეტესობაც შეუდგა ქრისტეს. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველჰყო. ღირსი მამა გულმოდგინედ იღწვოდა სამწყსოს სულიერი განათლებისათვის და კვლავინდებურად სულიწმიდის მადლით კურნავდა სნეულებს, მგლოვიარე მშობლების სიბრალულით აღძრულ წმიდანს მათი მიცვალებული შვილების მკვდრეთით აღდგინებაც გამოუთხოვია უფლისგან. ქრისტეს ერთგულმა მსახურმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.