| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ელიოზ მონაზონი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ელიოზ მონაზონი მოღვაწეობდა IV საუკუნეში. იგი სიყრმეშივე მიაბარეს მონასტერში, სადაც ღვთისმოყვარე მამებმა კეთილმსახურებით აღზარდეს. როცა მოწიფულობას მიაღწია, ნეტარმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა. მას ნათელხილვის ნიჭი მიემადლა უფლისგან ცხადად ჭვრეტდა თანამოსაუბრეთა აზრებს და სულიერ განწყობილებას. დიდ სარწმუნოებასთან შერწყმული საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით ელიოზი ველურ მხეცებსაც იმორჩილებდა. ერთხელ უდაბნოში მძიმე ტვირთის ზიდვით ქანცგაწყვეტილმა მამამ ილოცა, კანჯარს მოუხმო, ბარგი აჰკიდა და სავანამდე მიატანია. იყო შემთხვევა, როდესაც წმიდანს მდინარე უნდა გადაელახა, მაგრამ ნავი არსად ჩანდა. მან წყლიდან ნიანგს მოუხმო, მის ზურგზე შედგა და ისე გააღწია მეორე ნაპირზე. სავანის ერთმა ახალგაზრდა მორჩილმა ნეტარ ელიოზს მასთან ერთად უდაბნოში მოღვაწეობაზე სთხოვა კურთხევა. ღირსმა მამამ ჭაბუკი გააფრთხილა მოსალოდნელი საცდურების შესახებ, მაგრამ მოწესე ისე გულწრფელად და დაჟინებით ითხოვდა თავისას, რომ ბოლოს წმიდანი დათანხმდა. პირველსავე ღამეს საშინელი ჩვენებებით დამფრთხალი მორჩილი ერთიანად აკანკალებული მოვარდა ელიოზის მღვიმეში. ნეტარმა დაამშვიდა იგი, უკანვე გააბრუნა, ჯვრის ნიშით აღბეჭდა მისი გამოქვაბული და უთხრა, ამიერიდან ბოროტი ხილვები არ შეგაშფოთებენო. ყმაწვილი ენდო მის სიტყვებს, დარჩა სენაკში და დაყუდებული მოღვაწეობით ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ თავისი წმიდა მოძღვარივით საჭიროების დროს მასაც ანგელოზი უზიდავდა საკვებს. ელიოზ მონაზონმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. |