მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოციქული აკვილა
#წმინდათა ცხოვრება

მოციქული აკვილა იყო „ჰურიაი.. პონტოელი ნათესავით“ იგი მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54 წწ.) ზეობისას ყველა ებრაელი განდევნეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლესთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა იქაურობა. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე აქ ათენიდან მოციქული პავლე ჩავიდა სახარების საქადაგებლად, გაეცნო აკვილას და „რამეთუ ერთი ხელოვნებაი იცოდეს, იყოფებოდა მათ თანა და იქმოდა“ - კარვების დამზადებით ირჩენდნენ თავს. (საქმე;18,3).

პავლეს ხელით ნათელღებული აკვილა და პრისკილა მისი ერთგული მოწაფეები გახდნენ და თან ახლდნენ წმიდანს ეფესოში მოგზაურობისას. როცა მოახლოებული სულთმოფენობის დღესასწაულზე დასასწრებად ნეტარი მოციქული იერუსალიმში გაემგზავრა, თავისი არყოფნისას ეფესოში სახარების სწავლება ღვთისმოყვარე ცოლ-ქმარს მიანდო. სწორედ ამ დროს ჩავიდა ქალაქში „ჰურიაი ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით“. სულით მდუღარე და „სიტყუა-მეცნიერი“ მქადაგებელი შესაკრებელსა შორის „ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუისთვის, და იცოდა ნათლის-ცემაი ხოლო იოვანესი“. აკვილამ და პრისკილამ შეიტყვეს ამის შესახებ, „მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესადრე უთხრეს მას გზაი უფლისაი“.                                                  (საქმე; 18,24-27).

კლავდიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ ებრაელებს კვლავ დართეს იტალიაში ცხოვრების ნება და წმიდა მეუღლეებიც რომს დაუბრუნდნენ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ასე იგონებს ერთგულ მოწაფეებს: „კითხვაი არქუთ პრისკილას და აკვილას, თანა-შემწეთა ქრისტე იესუის მიერ, რომელთა - იგი სულისა ჩემისათვის ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულნი მათნი“ (რომ; 16,3-5). რომში წმიდა აკვილა არ დარჩენილა: პავლე მოციქულმა იგი ასიის ეპისკოპოსად დაადგინა. წმიდანი იღწვოდა ასიაში, აქიასა და ჰერაკლიაში; მოციქულებრივ საქმიანობაში მას დაუცხრომლად შეეწეოდა წმიდა პრისკილაც. ქრისტეს ერთგულ მსახურებს უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული. მათი უხრწნელი ნაწილების უმეტესობა რომშია დაცული.