| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ღოლინდუხა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ღოლინდუხა, ნათლისღებით მარიამი, სპარსეთში ცხოვრობდა ხოსრო I-ის უფროსის მეფობისას. იგი სამეფოს მთავარი ქურუმის მეუღლე იყო. ნათელი ჭკუა-გონებით შემკული გოლინდუხა გრძნობდა წარმართული ცრუსიბრძნის ამაოებას და ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რომელი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. როცა ქრისტიანული მოძღვრების არსებობა შეიტყო, მას მთელი არსებობით მოუნდა გაეგო, რას ასწავლიდა იგი. მალე, ღვთის ნებით, შეუსრულდა კიდეც გულწრფელი სურვილი: ძილში ანგელოზმა ჯოჯოხეთის სატანჯველებიც აჩვენა და სამოთხეც მოახილვინა. ყოვლადსახიერმა უფალმა კვლავ ანგელოზის მეშვეობით მიუთითა მართლმორწმუნე ხუცესზე, რომელმაც მომავალ წმიდანს ნათელსცა და მარიამი უწოდა. ნათლობის შემდეგ მარიამმა დატოვა ქმარი, ამ უკანასკნელმა კი მეფესთან დაასმინა გაქრისტიანებული მეუღლე. გოლინდუხას თავად ხოსრო, მისი დიდებული კარისკაცები და დიდგვაროვანი ქალბატონები დიდხანს შეაგონებდნენ, დაბრუნებოდა ოჯახს, მაგრამ წმიდანის გადაწყვეტილება ურყევი რჩებოდა. მაშინ მეფემ ნეტარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და მარიამმაც 18 წელი დაჰყო სატუსაღოში. ხოსროს მემკვიდრის, ორმისდასის ზეობისას სპარსეთში ჩავიდა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიუსის (582-602 წწ.) ელჩი-არისტობულე. როცა მან შეიტყო, რომ საპყრობილეში მრავალი წლის მანძილზე იტანჯებოდა ქრისტიანი ქალი-მარიამი, მეფის ნებართვით რამდენიმეჯერ მოინახულა ნეტარი და ფსალმუნთა გალობა ასწავლა. როცა არისტობულე სამშობლოში გაემგზავრა, ორმისდასმა წმიდანი დილეგიდან ამოაყვანინა და სასტიკად აწამა. შემდეგ მარიამი გარყვნილებს მიუგდეს შეურაცხყოფისათვის, მაგრამ ღმერთმა ბილწთა და უსჯულოთა თვალთაგან დაფარა იგი. ბოლოს მეფემ ბრძანება გასცა, თავი მოეკვეთათ ნეტარი დედისთვის, მაგრამ უფლის განგებულებით წმიდანი ჯალათთათვისაც უჩინარი შეიქმნა და ქრისტიანთა თავშესაფარში აღმოჩნდა. როცა ბიზანტიის იმპერატორის, მავრიკიუსის დახმარებით ხოსრო II ავიდა ტახტზე და სპარსეთში ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მარიამ-ღოლინდუხამ დაუფარავად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. სიცოცხლის ბოლოს მან მოილოცა იერუსალიმი, თაყვანი სცა მაცხოვრის საფლავს და უკან გამობრუნებულმა კი ნიზიბიაში, წმიდა სერგის სახელობის ტაძარში შეჰვედრა სული უფალს 591 წელს. |