| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მიქაელ მალეინი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მიქაელ მალეინი (ერობაში მანუელი) მალეინების ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო და იმპერატორ ლეონ IV ბრძენს (886-912 წწ.) ენათესავებოდა. იგი დაახლ. 894 წელს დაიბადა კაბადოკიაში. სიჭაბუკეში მანუელი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს სამეფო კარის ზნე-ჩვეულებათა შესათვისებლად, საღვთო შურით აღძრულმა ყმაწვილმა კი ფარულად მიაშურა ბითვინიას, კიმინის მთაზე მდებარე სავანეს, სადაც მოღვაწეობის გარკვეული დროის შემდეგ მოძღვარმა - იოანე ელადელმა მიქაელის სახელით აღკვეცა. მშობლები მეტად შეურაცხყო შვილის ამგვარმა საქციელმა, ძალით წაიყვანეს იგი შინ, მაგრამ მონაზვნობის დატოვებაზე ვერ დაითანხმეს. ჭაბუკი მოსაგრე კვლავ დაუბრუნდა მონასტერს სადაც მეტრაპეზედ დანიშნეს. ღირსი მამა თავად ამზადებდა საჭმელს, რეცხავდა ჭურჭელს, დაუზარებლად ასრულებდა სხვა ამგვარ საქმეებს... მთელ დღეებს კვართის ამარა, ფეხშიშველი ატარებდა, ღამღამობით, ზამთარშიც კი, ფიცრებზე ეძინა... მალე წმიდანის მამა გარდაიცვალა, დედა მონაზვნად აღიკვეცა და კეთილმსახურებაში შეჰვედრა სული უფალს. მემკვიდრეობით მიღებული ქონების ნაწილი ნეტარმა გლახაკებსა და განთავისუფლებულ მონა-მხევლებს დაურიგა, ნაწილი კი - მონასტერს შესწირა. წმიდა მოსაგრემ მოძღვარს სავანის მახლობლად, კლდის ერთ გამოქვაბულში დაყუდებით ცხოვრებაზე გამოსთხოვა კურთხევა: კვირაში ერთ დღეს იქ ატარებდა განმარტოებით, შაბათ-კვირას კი ღვთისმსახურებაზე დასასწრებად და საზიარებლად მონასტერს უბრუნდებოდა. ოთხი წლის შემდეგ ღირსი მამა თავის კეთილმსახურ ნათესავთან, აღაპისთან ერთად შიდა უდაბნოში დამკვიდრდა. შემდგომ მოსაგრეებმა გადაწყვიტეს, განმარტოებით ეღვაწათ, მდუმარებაში. მიქაელმა მშრალ ტბად წოდებულ უდაბურ ადგილას პატარა ქოხი მოიწყო და იქ დაეყუდა. მალე წმიდანთან მისი წინამძღოლობით მოღვაწეობის მსურველებმა დაიწყეს მოსვლა. თავდაპირველად ნეტარი ყველას უარით ისტუმრებდა, მაგრამ შემდეგ მომსვლელთა გულმოდგინება რომ იხილა, თითო-თითოდ დაიწყო მათი მიღება და სულიერ ცხოვრებაში დამოძღვრა. როცა ძმების რაოდენობამ ორმოცდაათს გადააჭარბა, მიქაელმა მათთვის ლავრა დააარსა მკაცრი წესდებით, ღირს აღაპის მოუხმო, სავანეზე ზრუნვა მას მიანდო, თვითონ კი რამდენიმე ბერთან ერთად, უფრო შორეულ ადგილებს მიმართა და ახალი მონასტერი დააფუძნა. მალე ნეტარი მამის ღვაწლით მთელი კიმინის მთა დაიფარა ბერ-მონაზონთა საცხოვრისებით, სადაც დაუდუმებლად აღევლინებოდა ლოცვა-ვედრება. წმიდანის ბაგეებიდან არასოდეს თქმულა სხვისი შეურაცხმყოფელი, ბოროტი სიტყვა. ანგელოზის თანამოსახელე, ანგელოზივით ცხოვრობდა, მკაცრი თავშეკავების მაგალითს იძლეოდა-მკაცრად მარხულობდა, ხორცს მხოლოდ მძიმე სნეულებისას, საღვთო დღესასწაულებზე, ან დიდებული სტუმრების მასპინძლობის დროს აძლევდა განსვენების ნებას. მონაზვნობის პირველ წლებში იგი დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, შემდეგ-ხუთ დღეში ერთხელ, ბოლოს კი-12 დღეში ერთხელ; იკვებებოდა მხოლოდ მცენარეულობით; როცა ჯანს არ უჩიოდა, სკამზე მჯდომს ეძინა, სნეულებისას კი - მაგარ საწოლზე. ნეტარს ძლიერ უყვარდა დღესასწაულები, ღამისთევის ლოცვებზე სიხარულით ატაცებული გალობდა ხოლმე. წმიდა მიქაელი ღირსი ათანასეს (ხს. 5 ივლისს) მოძღვარი იყო. წმიდანმა 962 წელს შეჰვედრა სული უფალს. |