| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი პროკლე და ილარიონი
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი პროკლე და ილარიონი ანკირის მახლობლად მდებარე სოფელ კალიპტიდან იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117 წწ.) მიერ ქრისტიანობის დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად. უსჯულოებმა თავდაპირველად წმიდა პროკლე შეიპყრეს. ნეტარმა მმართველი მაქსიმეს წინაშე მხნედ აღიარა ქრისტე. უღმრთო ხელისუფალი მალე მიხვდა, რომ წმიდა პროკლე ნებით არ უარყოფდა ქრისტეს, ამიტომ შეეცადა, წმიდანი ძალმომრეობით დაეყოლიებინა წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე. წამების დროს მარტვილმა მაქსიმეს უწინასწარმეტყველა, რომ მალე ისიც აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. მტანჯველებმა აიძულეს მოწამე, რომ კალიპტისკენ მიმავალი მმართველის ეტლის კვალდაკვალ ერბინა. არაქათგამოცლილი და დაუძლურებული პროკლე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, შეეჩერებინა ეტლი. მანაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება - ოთხთვალა გაჩერდა და ვერავინ შეძლო მისი ადგილიდან დაძვრა. მასში მყოფი კარისკაციც გაქვავებულივით იჯდა მანამ, სანამ მოწამის მოთხოვნით საკუთარი ხელით არ დაწერა მართლმადიდებლური მრწამსი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მმართველმა გზის გაგრძელება. დამარცხებულმა წარმართმა პროკლეზე საშინლად იძია შური: ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ იგი, ბოძზე მიეკრათ და ისრებით განეგმირათ. სიკვდილით დასჯის ადგილისკენ გაგზავნილი პროკლეს გზად თავისი ძმისწული, ილარიონი შეხვდა. აცრემლებული ჭაბუკი სიყვარულით მოეხვია ბიძას და თვითონაც თავი ქრისტიანად გამოაცხადა. მმართველის ბრძანებისამებრ წმიდა პროკლე ბოძზე გაკრული აღესრულა, ისრებით დაწყლულებულ და სხეულდაფლეთილი. სიცოცხლის ბოლომდე წმიდანი ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა შეენდო მისი მკვლელებისათვის. წმიდა პროკლეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ილარიონიც სასტიკად აწამეს, ხელებშეკრული, დაწყლულებული და გასისხლიანებული ათრიეს ქალაქის ქუჩებში, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. ნეტარი პროკლე 12 ივლისს მიიცვალა, ილარიონი კი 3 დღის შემდეგ. ქრისტიანებმა ერთ საფლავში დაფლეს უფლის სათნომყოფელნი. |