მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსნი ათონელნი მამანი: იოანე ექვთიმეს მამა და გაბრიელი
#წმინდათა ცხოვრება

საქართველოს ეკლესია ერთად იხსენიებს წმიდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სავანის დამაარსებელ მამებს - ღირს იოანესა და გაბრიელს.

ნეტარი იოანე დავით კურაპალატის კარზე წარჩინებული და საჩინო კაცის შვილი იყო, მხნე და ახოვანი, მაღალი და მშვენიერი, ბრძენი და გონიერი, ღვთისმოშიში და სიკეთით ცნობილი, „სიყრმითგან თვისით განსწავლულ და თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა“.

იოანემ ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა. იოანეს თხოვნით მამა მოსემ და მამა გელასიმ მონაზვნად აღკვეცეს იგი.

წმიდა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. როდესაც მეფის კარზე გაიგეს იოანეს ბერად აღკვეცის ამბავი, ის მამების კურთხევით საბერძნეთში გაემგზავრა და იქ ლულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას. ამასობაში საბერძნეთის მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. წმიდა იოანეს ნათესავებმა სხვებთან ერთად იოანეს ძე- ექვთიმეც მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ ეს რომ გაიგო, კონსტანტინოპოლს წავიდა და მეფეს გამოსთხოვა თავისი შვილი, სიმამრსაც უსაყვედურა: „რა არს ესე? ნუუკუ შვილნი არა გეხსნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მას სწყალობდით, ვითარცა თვისთა შვილთა და ძე ჩემი ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!“ მამა იოანემ თავისი ძე, ყრმა ექვთიმე (ხს. 13 მაისს) წაიყვანა და რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა; აქ წმიდა ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა და ორი წელი მორჩილებაში გაატარა.

ამ დროს წმიდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი სპასალარი თორნიკე ერისთავი (ხს. 12 ივნისს), აღიკვეცა იოანეს სახელით და ათანასეს კურთხევით ლავრაში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. წმიდა ათანასეს ლავრას იმდენმა ქართველმა მიაშურა, რომ წმიდა იოანე იძულებული გახდა, ლავრისგან მოშორებით საკუთრად ქართველებისათვის აეშენებინა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ივერიელებმა სენაკებიც ააგეს საცხოვრებლად.

ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, როცა საბერძნეთის მეფეებს, ბასილისა და კონსტანტინეს ბარდა სკლიაროსი განუდგა და ძლიერ შეავიწროვა. იმპერატორების დედამ, თეოფანიამ, წერილი გაუგზავნა ათონელ მამებს და სთხოვა, იოანე-თორნიკე სასახლეში მისულიყო. წმიდა თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ წმიდა იოანესა და წმიდა ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლის თხოვნით დავით კურაპალატს ეახლა საქართველოში. მეფემ გაიხარა საყვარელი სპასალარის ხილვით, დედოფლის თხოვნაც შეასრულა და დამხმარე ლაშქარს თორნიკე დაუნიშნა სარდლად. ცხოვრებისგან განდგომილ ბერს შეეშინდა ურჩობით უფალი არ გაენაწყენებინა და კვლავ სპასალარის უფლებით ჩაუდგა ქართველთა მხედრიონს.

ღვთის შეწევნით, აჯანყებული ბარდა სკლიაროსი დამარცხდა. გამარჯვებაში ლომის წილი ქართველთა ლაშქარმა შეიტანა. ბრძოლის ველიდან წამორებული ნადავლი, დავით კურაპალატის სურვილით, იოანე-თორნიკემ ათონის წმიდა მთაზე წაიღო. „მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი ჰყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით“.

ორი ღირსეული მამის მოღვაწეობამ ისე მოამრავლა მთაწმიდაზე ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ თავს იდვეს ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება. სულ მალე მთაზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი - ღვთისმშობლისა, მეორე კი იოანე ნათლისმცემელის სახელზე. ღირსმა მამებმა სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი. ბრძოლის ველზე დაუმარცხებელმა სარდალმა და უხილავ მტერზე გამარჯვებულმა მამამ, იოანე-თორნიკეყოფილმა მშვიდად ჩააბარა სინანულით განწმენდილი სული უფალს.

თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანეს ათონზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო იქ ცხოვრება გაუჭირდა და გადაწყვიტა, რამდენიმე მოწაფესთან ერთად სხვაგან წასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ბერძენთა მეფის თხოვნით ისევ დარჩა.

წმიდა იოანე ნიკრისის ქარით დაავადდა და „მრავალთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა“. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი წმიდა შვილი ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა. შემდეგ, როგორც უკვე წინამძღვარს, სთხოვა, შეენდო მისთვის ადამიანური სისუსტე-ძმებში ჩამოვარდნილი შუღლისა და შფოთის გამო მონასტრიდან წასვლის სურვილი და უბრძანა, თავის შემდგომ გიორგისთვის (ხს. 28 ივლისს) გადაეცა წინამძღვრობა, დალოცა მამები და ძმები, ნეტარი ექვთიმეც „აკურთხა... ზეგარდამოითა კურთხევითა და ხელთა შინა მისთა წმიდაი სული თვისი ღმერთსა შეჰვედრა და მშვიდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა“.

ღირსმა ექვთიმემ ჯეროვანი პატივით შემოსა მამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი მის საფლავზე წმიდა მთავარანგელოზთა ეკლესიაც ააშენა.

წმიდა გაბრიელი ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა, იყო ჭეშმარიტად კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა. ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ედგა. მამები ნავებით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისათვის“.

მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმიდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმთებარე ხატიც მიუახლოვდა წმიდა გაბრიელს. მან წმიდა ხატი გულზე მიირქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმიდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებს და მლოცველებს.

ეს სასწაული აღესრულა სამშაბათს.

ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ არ დახვდა. შეშინებულმა ბერებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“. ბერები სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.