| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოციქულთასწორი ოლღა
#წმინდათა ცხოვრება მოციქულთასწორი ოლღა, იზბორსკების დიდებული გვარის ჩამომავალი, კიევის დიდი მთავრის, იგორის მეუღლე იყო. ამ უკანასკნელის მკვლელობის (945 წ.) შემდეგ ტახტის მემკვიდრის, სვიატოსლავის მცირეწლოვანების გამო ხელისუფლების სათავეები ოლღას გადაეცა. მომავალი წმიდანი კერპთაყვანისმცემელთა გარემოცვაში იყო აღზრდილი, წარმართული ზნე-ჩვეულებანი ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომაც სასტიკად იძია შური მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო... ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარებლად აღასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს... ამ დროს ქრისტიანული სარწმუნოება უკვე იწყებდა გავრცელებას კიევში. ქალაქში აღმართული იყო პირველი მართლმორწმუნე მთავრის - ასკოლდის მიერ აგებული წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, ღვთისმსახურება სლავურად აღესრულებოდა, არსებობდა სლავური სახარებაც... ოლღას მოსწონდა მართლმადიდებლური ცხოვრების წესი, ბიზანტიის მაგალითზე იმასაც ხედავდა, რომ ხალხის სულიერებაში წარმატება ქვეყნის სიმტკიცის საწინდარი იყო, ამიტომაც საბერძნეთს მიაშურა ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოსაძიებლად. კონსტანტინოპოლში ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანული საყდრების დიდებულებამ, ღვთისმსახურებასაც დაესწრო წმიდა სოფიასა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრებში... მისი გული გაიხსნა ქრისტესათვის და გადაწყვიტა, მონათლულიყო. წმიდა საიდუმლო კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა თეოფილაქტემ (933-956 წწ.) აღასრულა, მიმრქმელი კი თავად იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959 წწ.) იყო. ახალნათელღებულს ელენე დაარქვეს წმიდა მოციქულთასწორი დედოფლის, კონსტანტინე დიდის დედის, ელენეს (ხს. 21 მაისს) პატივსაცემად. პატრიარქმა ასე დალოცა ნეტარი: „კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ წყვდიადი დაუტევე და ნათელი შეიყვარე; შენს სახელს კურთხევით მოიგონებს შთამომავლობა“. ოლღა დარჩა ბიზანტიაში და საფუძვლიანად გაეცნო ქრისტეს სჯულს. მან საეკლესიო ჭურჭელი, ხატები და პატრიარქისგან ნაბოძები ცხოველმყოფელი ძელისგან გამოკვეთილი ჯვარი ჩაიტანა და რამდენიმე ხუცესიც გაიყოლა. მაცხოვრის სიყვარულით ღრმად გამსჭვალულმა დედოფალმა საოცარი კეთილმსახური ცხოვრება დაიწყო, მის სახელთანაა დაკავშირებული კიევის წმიდა ნიკოლოზისა და წმიდა სოფიას, ვიტებსკის ხარების, ფსკოვის ყოვლადწმიდა სამების და სხვა მრავალი ტაძრის მშენებლობა. ნეტარს სურდა, მთელი სამთავრო გაენათლებინა ქრისტეს ნათლით, მაგრამ ეს მცდელობა ამაო გამოდგა: მისმა ძემ, სვიატოსლავმა ვერ მიიღო ჭეშმარიტება, აბობოქრდნენ სხვა წარმართი დიდებულებიც... ოლღამ კერპთმსახურ შვილს დაუთმო ტახტი, თვითონ კი მხოლოდ კიევში მისი არყოფნის დროს განაგებდა სამთავროს. წმიდა ოლღა 969 წელს მიიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილები 989 წელს, სხვა წყაროებით კი - 1007 წელს იქნა აღმოყვანებული წმიდა ვლადიმირის მიერ. ნეტარის ნეშტი კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადააბრძანეს და ჩაასვენეს სარკოფაგში, რომელსაც მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული. სარკმელი მხოლოდ ღვთისმოშიშებით მიახლოებისას იღებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში წმიდა ნაწილები დაიკარგა. მართალია, წმიდა ოლღამ ვერ შეძლო თავის ქვეყნის გაქრისტიანება, მაგრამ დიდი ღვაწლი გასწია ამ მოვლენის დასაჩქარებლად. ამიტომაც უწოდეს მოციქულთასწორი. |