მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული
#წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული (ხს. 16 სექტემბერს) 304 წელს იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულა მოწამეობრივად. ნახევარი საუკუნის შემდეგ, როცა ქრისტიანობა რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ღმერთმა ნეტარი მარტვილი ღირს-ყო, კიდევ ერთხელ საჯაროდ დაემოწმებინა და ეღიარებინა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდე.

451 წელს ქალკედონის იმ ტაძარში, სადაც დიდმოწამე ეფემიას სასწაულებით გაბრწყინებული წმიდა ნაწილები იყო დაბრძანებული, IV მსოფლიო კრების (ხს. 16 ივლისს) სხდომები მიმდინარეობდა. ქალკედონში ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიების 630-მა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მართლმადიდებელთა მხრიდან კრების საქმიანობაში მონაწილეობდნენ: კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანატოლი (ხს. 3 ივლისს), იერუსალიმელი მღვდელმთავარი იუბენალი (ხს.2 ივლისს) და რომის პაპის, ლეონის (ხს. 18 თებერვალს) წარმომადგენლები. მონოფიზიტები ალექსანდრიელი პატრიარქის, დიოსკორესა და კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის წინამძღვრობით მრავლად იყვნენ შეკრებილნი. ხანგრძლივი ბჭობის მიუხედავად მხარეებმა ერთობლივი დადგენილება ვერ მიიღეს.

მაშინ კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა ანატოლიმ კრებას შესთავაზა, საეკლესიო განხეთქილების მოგვარება სულიწმიდისთვის მიენდოთ მისი რჩეულ ჭურჭლის ეფემია ყოვლადქებულის მეოხებით, რომლის წმიდა ნეშტთანაც მიმდინარეობდა კამათი. ცალკე მართლმადიდებელმა მწყემსმთავრებმა და ცალკე მათმა მოწინააღმდეგეებმა დაწერეს თავიანთი სარწმუნოების აღსარება და საკუთარი ბეჭდებით დაბეჭდეს, იმპერატორ მარკიანეს (450-457 წწ.) თანდასწრებით ნეტარი დიდმოწამის ლუსკუმა გახსნეს და ორივე გრაგნილი მკერდზე დაადეს, შემდეგ კუბო იმპერატორის ბეჭდით დალუქეს და ირგვლივ მცველები დაუყენეს. ორივე მხარე გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მიეცა. სამი დღის თავზე იმპერატორმა და პატრიარქმა კრების მონაწილეთა თანდასწრებით გახსნეს ლუსკუმა: გრაგნილი მართლმადიდებლური მრწამსით  ეფემიას მარჯვენა ხელში ეპყრა, ერეტიკოსთა ხელნაწერი კი მის ფეხებთან ეგდო. წმიდანმა ცოცხალივით ასწია ხელი და უცდომელი მრწამსის შემცველი ნუსხა პატრიარქს გაუწოდა.

ამ სასწაულის შემდეგ მრავალი გზააბნეული დაუბრუნდა მართლმადიდებლობას, მწვალებელთა გაკერპებული ნაწილი კი კრების მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს და ეკლესიიდან განკვეთეს.

VII საუკუნეში, სპარსელთა თავდასხმის დროს ნეტარი ეფემიას წმიდა ნეშტი ქალკედონიდან კონსტანტინოპოლში, მისსავე სახელზე ნაკურთხ ტაძარში გადაასვენეს. მრავალი წლის შემდეგ ხატმბრძოლობის მძვინვარებისას, ლუსკუმა უხრწნელი ნაწილებით მწვალებელი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (716-741 წწ.) ბრძანებით ზღვაში გადააგდეს. სიწმიდე ნაოსანმა ძმებმა - სერგიმ და სერგონმა იპოვეს და ადგილობრივ ეპისკოპოსს გადასცეს, რომელმაც იგი ფარულად დაკრძალა. მას შემდეგ რაც VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.) ხატმბრძოლობა საბოლოოდ დაიგმო, ტარასი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (784-806 წწ.), იმპერატორ კონსტანტინე VI-ისა (780-797 წწ.) და მისი დედის, ირინეს (797-802 წწ.) თანდასწრებით ნეტარის ნეშტი კვლავ საზეიმოდ გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში (წმიდა ეფემია ყოვლადქებულის ცხოვრება იხილეთ 16 სექტემბრის საკითხავში).