| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ორმოცდახუთი მოწამე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამნენ კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324 წწ.) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის აღმოსავლეთ ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა აღმსარებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ. ღვთის ნებით, წმიდანებს შეუერთდა კიდევ ხუთი გამორჩეული ქრისტიანი: ლეონტი, მავრიკი, დანიელი, ანტონი და ალექსანდრე, რომელთაც მათი წინამძღვრობა იტვირთეს. აღმსარებლები სასტიკად სცემეს, შებოჭეს და საპყრობილეში ჩაყარეს. საკანში გამომწყვდეული წმიდანები დავითის ფსალმუნებს გალობდნენ. წმიდა ლეონტი ამხნევებდა მათ. ნეტარი შიშობდა, ვაითუ ზოგიერთებმა ტკივილებს ვერ გაუძლონ, სულით დაეცნენ, რწმენა შეჰრყეოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო აღმსარებელთა სულები. შუაღამით, როცა მარტვილები ფსალმუნებს გალობდნენ, უეცრად ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მათ წინაშე, საკანი ზეციური შუქით გაანათა და წმიდანებს ამცნო - „თქვენი ღვაწლი დასასრულს უახლოვდება, სახელები კი უკვე დაწერილიაო ცათა შინა“. საპყრობილის მცველები, მენევსი და ბირილადე შეესწრნენ ამ სასწაულებრივ გამოცხადებას და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეორე დღეს მმართველმა ქრისტეს ტარიგთა სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. წმიდანები ცეცხლში დაწვეს. უვნებლად გადარჩენილი მათი წმიდა ძვლები კი მდინარეში გადაყარეს (318 წ.). ღვთისმოყვარე ადამიანებმა იპოვნეს წმიდანთა ნაწილები და ერთ ადგილას დაფლეს დიდი პატივით. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს ეკლესიას თავისუფლება მიენიჭა, იმ ადგილზე 45 მოწამის სახელობის ტაძარი ააგეს. |