| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა თოდორე - ედესელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა თეოდორე - ედესელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა IX საუკუნეში. მის მშობლებს - კეთილმსახურ ედესელ ქრისტიანებს ერთადერთი ასული ჰყავდათ, ნანატრი ძე კი დიდხანს არ ეძლეოდათ. თეოდორე დედ-მამის მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, მაგრამ როცა იგი სკოლაში მიაბარეს, მშობლებს სიხარული მწუხარებად გადაექცათ: ბავშვი სწავლაში ძალიან სუსტი აღმოჩნდა. ყრმას უფროსები სჯიდნენ, თანატოლები დასცინოდნენ, თვითონ კი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს გულისხმიერების მინიჭებას. ერთხელ ყმაწვილი დილით ადრე მივიდა ტაძარში, საკურთხეველში შეიარა, ტრაპეზის ქვეშ შეძვრა და იქ ლოცვაში ჩაეძინა. დაიწყო სამეუფო წირვა, ბავშვს ესიზმრა ნათელმოსილი ჭაბუკი, რომელმაც თაფლი აჭამა, კვერთხი მისცა ხელში და აკურთხა. საკვირველი ჩვენებით გამოფხიზლებული თეოდორე სამალავიდან გამოძვრა და გაოცებულ ეპისკოპოსს თავისი ხილვის შესახებაც მოუთხრო. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ ყრმის ვედრება შესმენილ იქნა და მომავალში იგი ეკლესიის წინამძღვარიც გახდებოდა, ამიტომ უფლის რჩეული ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა. ოცი წლის თეოდორეს მშობლები გარდაეცვალა. მემკვიდრეობით მიღებული დიდძალი ქონება მოწყალებად გასცა და იერუსალიმისკენ გაეშურა. წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი საბა განწმენდილის ლავრაში აღიკვეცა, განკრძალულ სენაკში დაყუდებით დაიწყო ცხოვრება და თან მდუმარების ღვაწლიც იტვირთა. მრავალი წლის მანძილზე წმიდა თეოდორესთან ერთად მოსაგრეობდა მისი ახალგაზრდა ნათესავი მიქაელი, რომელსაც წმიდა მიწას დაპატრონებულმა მაჰმადიანებმა წამებით ამოხადეს სული. ამის შემდეგ ნეტარი თეოდორე დიდხანს არ დარჩენილა ლავრაში. ედესის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების ურთიერთშეთანხმებით, სასულიერო ირებისა და ერისკაცების თხოვნით ედესის მღვდელმთავრად იქნა არჩეული. წმიდა მამა დიდხანს უარობდა, უჭირდა მდუმარების დათმობა, მაგრამ ვერაფერს გახდა: ერთ კვირაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქიროტონიის დროს დიდი სასწაული აღესრულა: ხალხმა იხილა თეთრი მტრედი, რომელიც ჯერ ტაძრის გუმბათის ქვეშ ტრიალებდა, შემდეგ კი თეოდორეს თავზე დაეშვა. ახალი სამოღვაწეო ადგილისკენ მიმავალი წმიდანი ისეთმა ძლიერმა სევდამ შეიპყრო, რომ გაქცევაც კი სცადა, მაგრამ უფალმა სიზმრისეულ ჩვენებაში ასე დამოძღვრა: „ნუ მიემსგავსები უდებ მონას, რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში დაფლა, ხუთი ტალანტით სხვა ხუთის მომგებს მიჰბაძე!“ თეოდორე მიხვდა თავის შეცდომას, დათრგუნა საკუთარი შეცდომა და ბრძნულად შეუდგა ეკლესიის მართვას. მღვდელმთავარს სულიერი ურთიერთობა ჰქონდა მხცოვან მესვეტე ბერ-თეოდოსისთან, რომელიც ედესისგან ოდნავ დაშორებული წმიდა გიორგის მონასტრის სიახლოვეს ცხოვრობდა. იგი უფროს ძმასთან, იოანესთან ერთად სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას. ძმები სამი წლის მანძილზე მონასტერში მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი ბაბილონის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდნენ ორ სხვადასხვა გამოქვაბულში და მკაცრ ლოცვასა და მარხვას მიეცნენ. მოსაგრეები შაბათ-კვირას ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთობლივი ლოცვისათვის, შემდეგ კი კვლავ იყრებოდნენ. ერთხელ უდაბნოში მწვანილეულობის შესაგროვებლად გასულმა თეოდოსიმ შორიდან თვალი მოჰკრა ძმას, რომელიც იმავე საქმით იყო დაკავებული. იოანე უეცრად შედგა, ოდნავ დაიხარა მიწისკენ, დაკვირვებით დააცქერდა რაღაცას, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახა, გადაახტა იმ ადგილს და სწრაფად მიაშურა თავის გამოქვაბულს. ძმის უცნაური ქცევა ეუცხოვა თეოდოსის, მივიდა იმ ადგილას და გაოცებულმა, ოქროს გროვა დაინახა. მან ილოცა, ზედა სამოსელი გაიხადა, ნაპოვნი განძი შიგ ჩაყარა და გაჭირვებით მიათრია სენაკამდე. მეორე დღეს ისე, რომ ძმას არ დამშვიდობებია, თეოდოსი ქალაქისკენ გაეშურა. აქ მან ტაძარი ააგო, მონასტერი მოაწყო, დააარსა საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი, მათთვის შესაწირიც უხვად გაიღო, ბოლოს, დარჩენილი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოსკენ გაბრუნდა. გაამაყებული თეოდოსი გულში განიკითხავდა ძმას იმის გამო, რომ მან ნაპოვნი განძის გამოყენება ვერ შეძლო. ამ დროს ბერის წინაშე წარდგა ანგელოზი, რომელიც ადრეც ხშირად ეჩვენებოდსა. ახლა იგი მეტად განრისხებული ჩანდა. უფლის მსახურმა მეუდაბნოეს მკაცრად მიმართა - „რას ქედმაღლობ?! ჭეშმარიტად გეუბნები, შენი საქმეები ვერ შეეტოლება იმ გრძნობას, რომლითაც შენი ძმა ოქროს გადაახტა. მაშინ მან მხოლოდ განძი კი არ დათმო, არამედ მსუბუქი ფრთებით ის უფსკრული გადალახა, რომელიც ლაზარესა და მდიდარს შორისაა დამტკიცებული. იოანეს ღვაწლი განუზომლად აღმატებულია ღვთის წინაშე. ამ ცხოვრებაში შენ მას აწი ვერასოდეს ნახავ და ვერც მე მიხილავ, სანამ სინანულით და ლოცვით გულს არ მოულბობ უფალს“. თეოდოსი ძმის გამოქვაბულთან მივიდა და როცა იგი იქ არ დახვდა, მწარედ ატირდა. უსაზღვროდ დამწუხრებულს, ერთი კვირის შემდეგ ჩაესმა ანგელოზის ხმა, რომელმაც ედესაში წასვლა უბრძანა. თეოდორემ იქ მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა და ხუთი ათწლეულის შემდეგ განჭვრეტის მადლიც მიიღო. წმიდა მამა სიყვარულით ღებულობდა მნახველებს და ყველას გულმოდგინედ მოძღვრავდა. ერთხელ მღვდელმთავარი თეოდორე ნეტარი ბერის კურთხევით ბაბილონის ხალიფა მავისთან გაემგზავრა ეკლესიის საქმეებზე. ხალიფა მას მძიმედ დასნეულებული დაუხვდა. წმიდანმა უფლისგან შემწეობა გამოითხოვა, წყლიან ჭიქაში მაცხოვრის საფლავიდან აღებული მიწა ჩაყარა, შეასვა ავადმყოფს და განკურნა. მადლიერმა მავიმ ირწმუნა ქრისტე და იოანეს სახელით ნათელი იღო სამ დაახლოებულ პირთან ერთად. მალე მუსულმანთა წინაშე სარწმუნოების აღსარებისათვის ხალიფა იოანე (მავი) და მისი ქრისტესმიერი ძმები ქვეშევრდომებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ღამეს იოანე სპეტაკ სამოსელში, ბრწყინვალე გვირგვინით გამოეცხადა თეოდორეს და უთხრა: „გაკურთხოს უფალმა, რამეთუ ჩემი ხსნის იარაღი შეიქმენი!“ ამის შემდეგ თეოდოსი მესვეტეს დიდხანს აღარ უცოცხლია. თეოდორემ იგი პატივით მიაბარა მიწას, თავად კი, მოახლოებული აღსასრულის შესახებ ისევ იოანეს სასწაულებრივი გამოცხადებით გაფრთხილებულმა, სამი წლის შემდეგ კათედრა დატოვა, საბა განწმენდილის ლავრაში განმარტოვდა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს“. |