| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე კირილე
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე კირილე, პორტინელი ეპისკოპოსი მოღვაწეობდა III საუკუნეში. წმიდანის მთელი ცხოვრება ღვთივრჩეულობის ნიშნით იყო აღბეჭდილი. ერთხელ, ქრისტეს აღსარებისთვის, საპყრობილეში გამომწყვდეულს, ღამით ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც რომში წასვლას უბრძანებდა, გამთენიისას კი იხილა, რომ საპყრობილეს კარები განხმულიყო და დამხობილი კერპების ნამსხვრევებიც იქვე ეყარა. რომის გზაზე კირილეს ღირსი ფილოქსენე ეჩვენა, რომელმაც ამცნო, რომ ორ სამღვდელმთავრო და მოწამეობრივ - გვირგვინს უმზადებდა უფალი. იმპერიის დედაქალაქში ნეტარმა მამამ სახარების ქადაგებით დიდი სამსახური გაუწია ეკლესიას. შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წმიდანმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო იქაური ქრისტიანების გასამხნევებლად. წმიდა მიწისკენ მიმავალს, კვლავ ზეგარდმო ეუწყა, მისულიყო კუნძულ კრეტაზე. ისიც დაჰყვა ღვთაებრივ ნებას და კრეტის ქალაქ ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მადლმოსილი სიტყვით ბევრი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამგვარი ღვაწლისათვის მხცოვანი მეუფე სამსჯავროზე წარადგინეს და ცრუღმერთებისათვის მსხვერპლშეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა აგიზგიზებულმა კოცონმა ღვთის რჩეულ ჭურს ვერაფერი ავნო, თავად მსაჯულმაც ადიდა უფალი და სიკვდილმისჯილი გაათავისუფლა. წმიდა კირილე დაუბრუნდა ჩვეულ მოღვაწეობას, მაგრამ გამუდმებით წუხდა, რომ ქრისტესათვის მარტვილობის ღირსი ვერ გახდა. გარკვეული ხნის შემდეგ მმართველს მოახსენეს, კირილეს ხელი არ აუღია თავის საქმიანობაზე-ხალხს ისევ მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. უსჯულოებმა უფლის რჩეული დაატუსაღეს და ამჯერად თავის მოკვეთა მიუსაჯეს. როცა განაჩენი მოისმინა, სულით გამხიარულებულმა მღვდელმთავარმა მადლობა შესწირა უფალს და ღვთისმსახურებაში განსპეტაკებული თავი ნებსით მოუდრიკა მახვილს. ეს მოხდა დეკიუსის (249-251 წწ.), სხვა ცნობით კი - მაქსიმიანეს (284-305 წწ; 307-311 წწ.) ზეობისას. წმიდა კირილე ჰორტინელის ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება: 9 ივლის და 6 სექტემბერს. |