| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე ბაგრატი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე ბაგრატი - ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას აკვირვებდა ახალი მოძღვრებითა და სასწაულებით. ბაგრატის მშობლები ანტიოქიელები იყვნენ. იესოს შესახებ რომ შეიტყო, მამამ შვილთან ერთად იერუსალიმს მიაშურა - სურდა საკუთარი თვალით ეხილა საკვირველი მოძღვარი. იერუსალიმში აღსრულებული სასწაულებით გაოცებულმა, ღვთაებრივი სწავლებაც მოისმინა და ქრისტე ძე ღვთისად ირწმუნა, რის შემდეგაც დაუახლოვა მის მოწაფეებს, განსაკუთრებით კი პეტრეს. უფლის ამაღლების შემდეგ ერთი მისი მოწაფეთაგანი ანტიოქიაში ჩავიდა და ნათელი სცა ბაგრატის დედ-მამასა და მთელ მის სახლეულს. როცა მშობლები გარდაეცვალა, წმიდანმა მამული დატოვა, პონტოს მთებს მიაშურა, გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. ერთხელ ამ ადგილებში პეტრე მოციქულმა გაიარა, პონტოში ბაგრატს შეხვდა და თან გაიყოლია ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი - კილიკიაში, სადაც იმ დროს წმიდა პავლე ქადაგებდა. თავთა მოციქულებმა უფლის რჩეულს სიცილიის ქალაქ ტავრომენიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მღვდელმთავარი ბაგრატი დაუცხრომლად იღწვოდა. მან ააგო ტაძარი, სადაც გულმოდგინედ აღასრულებდა ღვთისმსახურებას. მორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და მალე ტავრომენიისა და მისი მოსაზღვრე ქალაქების თითქმის მთელმა მოსახლეობამ ნათელი იღო. წმიდა ბაგრატი რამდენიმე წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს წარმართები აღდგნენ მის წინააღმდეგ, ხელსაყრელი შემთხვევა შეარჩიეს, მოულოდნელად დაესხნენ თავს და ქვებით ჩაქოლეს. ასე მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს მღვდელმთავარმა ბაგრატმა. ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს. წმიდა ბაგრატ ტავრომენიელის ხსენება 9 თებერვალს აღესრულება მღვდელმოწამეებთან - მარკელესთან და ფილაგრესთან ერთად. |