მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე პროკოპი
#წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე პროკოპი (ნათლისღებამდე ნეანი) იერუსალიმში დაიბადა III საუკუნეში. მამამისი - დიდებული რომაელი ქრისტეფორე, ქრისტიანი იყო, დედა კი წარმართულ კერპებს სცემდა თაყვანს. ნეანის მამა ადრე გარდაიცვალა, დაობლებული ჭაბუკი დედამ აღზარდა.

ბრწყინვალე საერო განათლების მიღების შემდეგ იგი ახალაღსაყდრებულ იმპერატორს - დიოკლიტიანეს წარუდგინეს, რომელსაც მოეწონა ჭაბუკი და თავისი ლაშქრის ერთ-ერთი ნაწილის მხედართუფროსად დანიშნა. დაახლოებით 300 წელს, როცა ქრისტიანთა საშინელი დევნა დაიწყო, უსჯულოთა თვითმპყრობელმა ნეანი ალექსანდრიაში გაგზავნა ჭეშმარიტ ღვთის მოსავებთან ანგარიშის გასასწორებლად. საშინელი სიცხეების გამო იგი უმეტესად ღამით მგზავრობდა, დღისით კი ისვენებდა. როცა სირიის ქალაქ აპამეას მიუახლოვდნენ, უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ცამ იქუხა და ელვამ გაკვეთა ღამის წყვდიადი. ყველა შიშმა მოიცვა, ნეანის კი ცხადად ჩაესმა: „ნეანი, შენც ჩემს წინააღმდეგ გამოდიხარ?!“ მოლაშქრემ იკითხა: „ვინ ხარ შენ უფალო?’ პასუხად ცაზე ჯვრის ნიში გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „მე ჯვარცმული იესო ვარ, ძე ღვთისა“. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა წარმართი მხედრის გულს, ენით აუწერელი სიხარულით აღივსო და როგორც ოდესღაც სავლე, ისიც ქრისტეს სასტიკი მდევნელიდან მის მხურვალე მიმდევრად იქცა. წმიდა ნეანიმ ოქრომჭედელს ჩამოასხმევინა ჯვარი, რომელზეც უხილავი ხელით გამოიკვეთა სამი ფიგურა წარწერებით: „ემანუილი“, „მიქაელი“ და „გაბრიელი“.

შემდეგ წმიდანმა საკუთარ სახლში პატივით დასვენებული ოქროს კერპები დაამსხვრია და ნაწილები მოწყალებად გასცა. განრისხებულმა დედამ იმპერატორთან დაასმინა საკუთარი შვილი. წმიდანი იუდეის პროკურატორ იუსტოსთან გამოიძახეს და იმპერატორის ეპისტოლე გადასცეს. ნეანიმ ღვთის გმობით აღსავსე წერილი წაიკითხა და ყველას თვალწინ უხმოდ დახია. ეს უკვე დანაშაული იყო - „მისი უდიდებულესობის შეურაცხყოფა“, ამიტომ ნეტარი მარტვილი შეიპყრეს და, შებორკილი პალესტინის კესარიაში გაგზავნეს და სასტიკად ტანჯეს. წამების ადგილზე შემოკრებილი ბრბო ღრიალებდა: „ეს ჩვენი ღმერთების მტერი, შემმუსვრელი და მეფის ბრძანების აბუჩად ამგდებია!“ ზოგიერთის თვალებზე ნეანმა ცრემლიც შეამჩნია და მათ მიმართა: „ჩემ გამო კი ნუ ტირით, თქვენი სულების დაღუპვა იგლოვეთ, რადგან საბრალოა ის, ვინც ჯოჯოხეთის დაუსრულებელ სატანჯველებს ეზიარება“.

როცა მარტვილის წამებისგან თვით ჯალათებიც დაიღალნენ, იგი საპყრობილეში ჩააგდეს. ღამით სენაკი ზეციური ნათლით გაბრწყინდა, უფალი იესო გამოჩნდა ზეციური ანგელოზების თანხლებით, წყლულებისაგან განკურნა თავისი რჩეული, და მას პროკოპი - „წარმატებული“ უწოდა. შემდეგ მაცხოვარმა გაამხნევა წმიდანი: „გამხნევდი და განმტკიცდი - მე შენ თანა ვარ, შენს მიერ მრავალი მიეახლება ჩემს ზეციურ მამას“.

პროკოპი მრავალჯერ წარსდგა სამსჯავროზე. უღმრთოები ქრისტეს უარყოფას ითხოვდნენ მისგან და ახალ-ახალ სატანჯველებს ატეხდნენ თავს. ნეტარის რწმენის სიმტკიცემ, მართლაც ბევრს შეაცნობინა ჭეშმარიტება: ქრისტიანობაზე მოქცნენ და წამებით აღესრულნენ საპყრობილეს მცველები, მეომრები ანტიოქოსისა და ნიკოსტრატეს მეთაურობით; მარტვილთა გვირგვინით შეიმკო თავი ოცმა ქრისტიანმა ქალმა. ბოლოს პროკოპის წარმართმა დედამაც ირწმუნა ქრისტე და სისხლით ჩამოიბანა თავისი დიდი შეცოდება. საკუთარი უძლურების მხილველი პროკურატორი საშინლად მრისხანებდა. მღელვარებისაგან იგი დასნეულდა, დაუძლურდა და მალე მიიცვალა.

ქალაქში ჩასულმა ახალმა მმართველმა, როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, თავისთან მოიხმო პროკოპი და მოსთხოვა, თაყვანი ეცა კერპებისათვის. მხნე აღმსარებელმა ისევ მტკიცე უარი განაცხადა და დაუმტკიცა მას წარმართთა რწმენის უსაფუძვლობა და უსუსურობა. მაშინ მტარვალი შეეცადა ეიძულებინა მარტვილი, რომ გარეგნულად მაინც აღესრულებინა მსხვერპლშეწირვა: სამსხვერპლოზე ცეცხლი დაანთეს, პროკოპის ხელის გულზე საკმეველი დაადეს და ორი საათის განმავლობაში იგი გავარვარებულ ნაღვერდლებზე გააჩერეს იმ იმედით, რომ ტკივილებს ვერ გაუძლებდა და საკმეველს სამსხვერპლოზე დააფრქვევდა. უსჯულოთა ეს იმედიც უსაფუძვლო აღმოჩნდა: უფლისაგან სასწაულთქმედების მადლით შემოსილ მოსაგრეს ხელი არც გაუნძრევია; სულით გამხიარულებული, კვლავ ახოვნად განადიდებდა უფალს. ამის შემდეგ ნეტარი პროკოპი კვლავ აწამეს, ბოლოს კი თავის მოკვეთა მიუსაჯეს. დიდმოწამის წმიდა ცხედარი ქრისტიანებმა ღამით წამოასვენეს და პატივით მიაბარეს მიწას (303 წ.).