| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მირდატ მეფე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მირდატ მეფე იყო ქართლისა პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფლის მოციქულთა სწორ მირიანისა და ნანას (ხს. 14 ოქტომბერს) შვილიშვილი. ქართლის ცხოვრების თანახმად 342 წელს მირიანის გარდაცვალების შემდეგ ქართლის სამეფო ტახტზე დაჯდა „ძე მისი ბაქარ, და იყო მორწმუნე ვითარცა მამაი მისი“. ბაქარმა წარმატებით გააგრძელა მამის მოციქულთასწორებრივი მოღვაწეობა: „მოაქცია უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა... აღაშენა ეკლესია წილკნისა და მოკვდა“. 346 წელს ბაქარის სიკვდილის შემდეგ „დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა. და მან აღაშენა ეკლესია თუხარისის ციხესა შინა, რამეთუ ხევსასა კლარჯეთისასა არა იყო ეკლესია, და მუნ შინა დაადგინა მღვდელნი მოძღვრად კლარჯთა, და მათა შემკობა და შენება ურუშეთისა და წუნდის ეკლესიათა“. მარდატის მეფობის დროს ქართლის მთავარესპისკოპოს იაკობის ლოცვა-კურთხევით „იწყეს ქართველთა სვეტისა ცხოველისაგან ნაწილის გამოღებად და ქმნად ჯვარისა, რამეთუ დიდნი სასწაულნი და კურნებაი იქმნებოდეს, სადაცა იტყვის ნაწილი სვეტისა ცხოველისა... და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნაწილი სუეტისა ცხოველისა“. მირდატ მეფემ ააშენა სვეტიცხოვლის ტაძარში უფლის კვართით დასაფლავებულ წმიდა სიდონიას სამარხზე სვეტიცხოვლის ნიში: „მაშინ ამან მეფემან მირდატ შექმნა ჯვარი ზომიერი და რომელი დარჩეს სუეტისა მისგან ცხოველისა, მას გარე მოქმნა ქვიტკირითა, და აღამაღლა ქვიტკირი პირველ სუეტისა ოდნად და თავსა მის სუეტისასა აღმართა ჯუარი იგი, ძელი განმაცხოველებელი. და ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულა სარწმუნოებასა შინა დიდსა“. ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის (ქრისტეს შობამდე 302-327 წწ.) შემდეგ წმიდა მირდატი არის ქართლის XXVI მეფე. ქართლის მეფეებიდან სულ ხუთს ერქვა მირდატი. მათ შორის ორი ქართლში ქრისტიანობის მიღებამდე მეფობდა: მირდატ I (113-129წწ.) და მირდატ II ბაკურის ძე (246-262წწ.). წმიდა მირდატ III-ის შემდეგ ქართლის ტახტზე სხვადასხვა დროს კიდევ ორი მირდატი მეფობდა: მირდატ IV (408-410), „კაცი ქუელი, მხედარი, შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი და მინდობილი მხედრობასა თვისსა, არამსახურა ღმერთსა, არცა აღაშენა ეკლესია... შეიპყრეს სპარსთა... წარიყვანეს ბაღდათს და მუნ მოკვდა“ (ზოგი მირდატ IV-ის სიკვდილს მოწამეობრივად აფასებს) და მირდატ V (434-445), წმიდა ვახტანგ გორგასლის მამა (ხს. 13-12 ნოემბერს). |