| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე კვირიაკია
#წმინდათა ცხოვრება მოწამე კვირიაკია კეთილმსახური ქრისტიანების - დოროთესა და ევსებიას ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს და უფლის მსახურებისათვის განამზადეს. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ქალწული დედ-მამას დააშორეს: დოროთე და ევსებია მმართველ იუსტის სამსჯავროზე წარადგინეს, კვირიაკია კი დიოკლიტიანეს თანამმართველთან, მაქსიმიანე ჰერკულესთან (284-305; 307-310) გაგზავნეს, ნიკომიდიაში. ქრისტეს ტარიგმა მტკიცედ დაითმინა სატანჯველები. მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა ღვთივრჩეულობა: როგორც კი კვირიაკია საკერპოში შეიყვანეს, ცრუღმერთების ქანდაკებები დაიმსხვრა; მოწამის დასაგლეჯად გამოშვებული მხეცები თვინიერად გაწვნენ მის ფეხებთან... ამ საოცრების მხილველი ბევრი კერპთმსახური ქრისტიანობაზე მოიქცა. როცა სასიკვდილო განაჩენი წაიკითხეს, წმიდა კვირიაკიამ ლოცვისთვის დრო ითხოვა. ყოვლადსახიერმა ღმერთმა ისურვა, რომაელ ჯალათთაგან დაეხსნა თავისი რჩეული და ლოცვის დამთავრებისთანავე მშვიდობით შეჰვედრა მისი სული უფალს. |