| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსმოწამე ეპიქტეტე ხუცესი და ასტიონე მონაზონი
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე ეპიქტეტე ხუცესი და ასტიონე მონაზონი უსჯულო თვითმპყრობელის, დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) ზეობისას ცხოვრობდნენ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. კეთილმსახურმა ხუცესმა სიყმაწვილეშივე განუკუთვნა თავი უფალს და დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულქმედების, კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა. ქალაქის თავის ვაჟი, ასტიონე წარმართულ გარემოში იზრდებოდა. ერთხელ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ სეირნობისას იგი გადააწყდა ტყეში მდგარ პატარა ქოხს, რაღაც იდუმალმა ძალამ მიიზიდა მისკენ, მოსწყდა გალაღებულ თანატოლებს და კარზე დააკაკუნა. მასპინძელი მხცოვანი და პატივსაცემი ხუცესი წმიდა ეპიქტეტე აღმოჩნდა. მან სიყვარულით მიიღო ჭაბუკი, ვინაობა გამოჰკითხა, შემდეგ კი წინასწარმეტყველურად უთხრა: „როგორც ვხედავ, შენი ნეტარი სული სათნოეყო თავად ქრისტე მაცხოვარს, რომელსაც თავის მსახურად გამოურჩევიხარ“. ასტიონემ საოცარი მოწიწება იგრძნო იესუ ქრისტეს სახელის ხსენებისას. ამით გახარებულმა ბერმა სახარებისეული სწავლება მოკლედ განუმარტა სტუმარს. ჭაბუკი გულმოდგინედ უსმენდა ყოველ სიტყვას და ყველაფერს რწმენით იღებდა. ყმაწვილი კვლავ ესტუმრა ხუცესს და ამ დღიდან მოყოლებული, სახლიდან სეირნობის საბაბით გამოსული, ყოველ დილა-საღამოს მიდიოდა მასთან. როცა სახარებისეულ სწავლებებს ღრმად დაეუფლა, ასტიონე ფარულად მოინათლა. ამის შემდეგ იგი მხურვალედ ევედრებოდა მოძღვარს, სადმე შორეულ ქვეყანაში წასულიყვნენ და მთლიანად უფლისათვის მიეძღვნათ თავი. ეპიქტეტე და ასტიონე ხომალდზე ავიდნენ და სკვითიის მიწას მიმართეს. აქ ისინი დუნაის შესართავთან, ქალაქ ალმარისის მახლობლად დასახლდნენ, წარმართ სლავებს შორის და მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. განდეგილების ღვთივსათნო ცხოვრება დიდხანს არ დარჩენილა დაფარული ადგილობრივ მკვიდრთაგან. ღირს მამებთან მიდიოდნენ სნეულნი და წმიდათა ლიცვით იკურნებოდნენ. ამ ხანებში ალმარისში ჩავიდა ოლქის მმართველი ლატრონიანე. წარმართმა ქურუმებმა ეპიქტეტე და ასტიონე დაასმინეს მასთან - ხალხს ჯადოქრობით იზიდავენ და თავიანთ სარწმუნოებაზე მოაქცევენო. ნეტარი მოსაგრეები შეიპყრეს, სატანჯველების შემდეგ მოწამეებს თავის მოკვეთა მიუსაჯეს 290 წელს. წმიდა მოწამე ასტიონეს მშობლებმა - ალექსანდრემ და მარკელინამ ირწმუნეს ქრისტე და ეპისკოპოს ევანგელეს ხელით ნათელიღეს. ურწმუნოებმა ქრისტეს აღსარებისათვის მათაც თავები მოჰკვეთეს. |