მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ივსიხი, პაპიანე, სატორნინე და გერმანე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ივსიხი, პაპიანე, სატორნინე და გერმანე იტალიელები იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117 წწ.) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ დირაქიაში.

წმიდანები წარმართი რომაელების ხელით ჯვარცმული ეპისკოპოს ასტიოსის (ხს. 4 ივნისს) წამებას ესწრებოდნენ და საჯაროდ განადიდებდნენ ნეტარი მამის სიმტკიცეს. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მოწამეთა ცხედრები, ქრისტიანებმა კი ისინი ქვიშაში დაფლეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფლის სათნომყოფელნი ალექსანდრიის ეპისკოპოსს გამოეცხადნენ და უბრძანეს, წმიდა ნაწილები დაეკრძალა. მღვდელმთავარმა შეასრულა ზეგარდმო კურთხევა და მარტვილთა სამარხზე ტაძარიც ააგო.