მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი აკაკი მორჩილი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი აკაკი მორჩილი - „ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა“ ასიის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე ფრიად უდები და ფიცხი ბერის მორჩილებაში იმყოფებოდა. მრისხანე ბერი „არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადდღე სტანჯავდა მას“. წმიდა მამას, იოანე საბაწმინდელს უთქვამს: „მე ვხედავ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა“. წმიდა აკაკიმ ცხრა წელი დაჰყო უწყალო ბერთან და მიიცვალა. „დამარხეს იგი სამარხოსა მამათასა“. დასაფლავებიდან ხუთი დღის შემდეგ წმიდა აკაკის მრისხანე მოძღვარი იმავე მონასტერში დაყუდებულ ერთ წმიდა მამასთან მივიდა და მეუხარებით აცნო სულიერი შვილის გარდაცვალება. პასუხად მიიღო: „გრწმენინ, ბერო, არა მრწამს, თუმცა მომკვდარ იყო იგი“. მაშინ აკაკის მოძღვარმა ახალ საფლავთან მიიყვანა ბერი. წმიდა მამამ სოფლიდან გასულს ჩასძახა: „ძმაო აკაკი, მოკვედაა?“ ნეტარმა კი სიკვდილის შემდეგაც მორჩილება გამოიჩინა -  საფლავიდან გაისმა: „ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა“. ეს რომ ესმა, მწარე სინანულმა შეიპყრო მრისხანე ბერი და „დავარდა პირსა ზედა თვისსა დიდი ტირილითა“. ამის შემდეგ იგი აკაკის სამარესთან დამკვიდრდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: „კაცს კლვა მიქმნიეს“. ეს გადმოცემა თავის „სათნოებათა კიბეში მორჩილებისა და მოთმინების მაგალითად მოიყვანა ღირსმა იოანე კიბისაღმწერელმა (ხს. 30 მარტს).