| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი: ლუკია ქალწული, რიქსე, ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსი, კაპიკე და სატური
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ლუკია იტალიაში, კამპანიის ოლქში დაიბადა. მან სიყმაწვილიდანვე უფალს უძღვნა თავი და მკაცრად და კეთილმსახურებით ცხოვრობდა. ქალწული ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა ერთ-ერთმა გერმანული ტომის ბელადმა, რიქსემ ტყვედ ჩაიგდო. თავდაპირველად უსჯულო მბრძანებელი წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა ლუკიას, მაგრამ თანდათან დარწმუნდა, რომ ურყევი იყო აღმსარებლის სარწმუნოება. ამან რიქსე წმიდანისადმი ღრმა პატივისცემით განმსჭვალა და მას პატარა სახლიც გამოუყო, სადაც ქალწული მხევლებთან ერთად დაუცხრომელ ლოცვებში ატარებდა დროს. ბელადი სალაშქროდ წასვლის წინ ლუკიასგან ითხოვდა ხოლმე დალოცვას და მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა. ოცი წლის შემდეგ ქრისტეს სასძლომ შეიტყო, რომ იმპერატორმა დიოკლიტიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო და რიქსეს იტალიაში დაბრუნების ნებართვა სთხოვა - სურდა, თანამემამულეებთან ერთად ედიდებინა უფალი. რიქსე, ლუკიას გავლენით, იმ დროისთვის უკვე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე იყო მოქცეული. მანაც მარტვილობის სურვილით დატოვა სასახლე, ოჯახი და ნეტარ ქალწულთან ერთად რომს მიაშურა. ქრისტესმოძულე რომაელი პრეფექტის, ელიუსის ბრძანებით, წმიდანებს თავები მოჰკვეთეს. მათ შემდეგ მოისრნენ მახვილით წმიდა მოწამენი: ანტონი, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსი, კაპიკე და სატური (301 წ.). |