მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი სოსოი დიდი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსმა სისოი დიდმა ადრეულ სიჭაბუკეში დატოვა ეს სოფელი და ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმინდა სული და უფლისაგან სასწაულქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭით მიემადლა. საკუთარი თავისადმი მეტად მომთხოვნი და მკაცრი ღირსი სისოი მოყვასის სიყვარულით იყო აღსავსე. ყველა მომსვლელს იგი უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა. როცა ერთმა მეუდაბნოემ წმიდანს ჰკითხა, როგორ შეძელით, ღვთის მარადიული ხსოვნისთვის მიგეღწიათო, მან უპასუხა: „ეს ჯერ კიდევ არაფერია, შვილო ჩემო, უმთავრესია - საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა“. ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისათვის, ღირსმა სისოიმ მიუგო: „მე მწამს კაცთმოყვარე ღვთის გულმოწყალებისა. თუ ადამიანი მთელი სულით შეინანებს, უფალი მისგან სამი დღის სინანულსაც შეიწირავს“. როცა ღირსი სისოი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, სახე უეცრად გაუბრწყინდა. მოწაფეებმა ჰკითხეს-თუ რას ხედავდა.-წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანანო ჩემს წინაშე. შემდეგ შენიშნეს, რომ მომაკვდავი ვიღაცას ესაუბრებოდა: მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს დროს სთხოვდა სინანულისათვის. ამით გაკვირვებულ ძმებს თავმდაბალმა მოსაგრემ მიუგო: „ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?!“ ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ნეტარის პირისახიდან ისეთი ელვარება გამოკრთა, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისთვის თვალის გასწორება. წმიდა სისოიმ მოასწრო ეთქვა, თავად მაცხოვარი წარმოდგაო და სული უფალს შეჰვედრა (429 წ.).