მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მამა ბასილი დიდი
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (+379) <br>

ღირსი მამა ბასილი დიდი დაიბადა დაახლოებით 330 წელს კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო.წმიდანის ბებია და ბაბუა დეოკლიტიანეს დროინდელი დევნისას, შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილი დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკასარიელი ადვოკატიდა რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.

ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა-ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად იქნა შერაცხილი:ბასილი, მაკრინე(ხს.19 ივლისი) გრიგოლ ნოსელი(ხს. 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი(ხს. 9 იანვარს) და ღირსი თეოზვა დიაკონისა(ხს. 10 იანვარს).

სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში, წმინდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: „რიტორი იყო რიტორთა შორის, უწინარეს საფილოსოფოსოისა სწავლისა და უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთა“. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით განთქმულ ათენში. ათენში ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. 25 წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი.

მეუღლის სიკვდილის შემდეგ წმიდა ბასილის დედა უფროს ასულ მაკრინესთან და რამდენიმე ქალწულთან ერთად მდინარე ირისის ნაპირას, საგვარეულო მამულში განმარტოვდა და ასკეტური ღვაწლი იტვირთა. ბასილი კი მოინათლა და კესარიელი ეპისკოპოსის, დიანის კურთხევით მედავითნედ იქნა დადგენილი.

მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად ბასილიმ იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მასაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა, შემდეგ კი ემილიასა და მაკრინესთან ახლოს, მდინარის მეორე ნაპირას ძმათა საცხოვრისი დააარსა. თავისი წერილებით ბასილი დიდმა უდაბნოში მიიზიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ სენაკებსი არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზედ მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს... მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან. ამა სოფლის ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული „ფილოკალია“, (სიკეთისმოყვარება). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო.თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთივსულიერი მოძღვრისკენ. ასე დაარსდა ორი- მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.

იმპერატორ კონსტანციუსის (337-361) მეფობაში გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს მელეტი ანტიოქელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი 364 წელს, ევსები კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებას ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გააღვივა ევსებში. მან ღირსი მამის შევიწროვება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმიდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როდესაც ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსების თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა, ფაქტიურად ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ-დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურგიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები (ექუსთა დღეთათვის), ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული- „ასკეტიონი“ (ეფრემ მცირის თარგმანით-„სამოღვაწეო წიგნი“) და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიუსის წინააღმდეგ.

ევსები კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპსი (ხს. 2 მაისს) მადლობდა ღმერთს იმისათვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილისმაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.

წმიდა მღვდემთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილები ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მის მიმართ.

იმპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანელობას. ამავე მიზნით ჩავიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილთან გაგზავნა პრეფექტი მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილით დასჯითაც კი. „შენი მუქარა მე არ მაშინებს, -უპასუხა წმიდანმა,- ქონებას ვერ დაკარგავს ის , ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არცერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული: ადგილი სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ. უკეთ რომ ვთქვათ ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ-სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის:ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღწვი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი“. მმართველი გაოგნებული უსმენდა. „ალბათ არასოდეს შეხვედრიხარ ეპისკოპოსს,-განაგრძობდა წმიდანი,-თორემ მისგან უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ მშვიდნი და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღდგნენ მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ.

ღირსი ბასილი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღიესი ვერ გაერეოდა. ის დაუზარებლად მოიხილავდა თავის ეკლესიებს, მიუკერძოებლად სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევებს. კესარიაში ბასილი დიდმა ორი- მამათა და დედათა მონასტერი ააგო ორმოც მოწამის სახელობის ტაძართან, სადაც უფლის ამ სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები ინახებოდა. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერმონაზონთა მიბაძვით მეტად ღარიბულად, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების განთავისუფლებას გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და ეკლესიების შემოსავალს ის გლახაკებს ახმარდა, დაარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის. სნეულებებმა, რომელნიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილის ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლისა ღირსი მამა გარდაიცვალა.