| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან და დაფლა. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, თეოდოტე შეიპყრეს. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაზე, წარმართთა სარწმუნოების ამაოება ამხილა და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს და მახვილით მოკლეს (303 წელს). მტარვალებს წმიდა მოწამის ცხედრის დაწვა სურდათ, მაგრამ უეცრად ქარიშხალი ამოვარდა და ცეცხლი ვერ დაანთეს. ქრისტეს მარტვილი ქრისტიანული წესით მიაბარეს მიწას. |