მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი ხუცესი იყო და გალატიის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების შემდეგ, მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი ჩამოართვა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხმობით დაუბრუნეს სამღვდელო პატივი.

როდესაც ქალაქ ანკვირიაში ჩავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი (361-363), წმიდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე და იმპერატორი ამხილა განდგომილობაში. იულიანეს ბრძანებით, წმიდა ბასილის ზურგიდან ტყავი ააძვრეს. წმიდანმა უდრტვინველად აიტანა საშინელი ტკივილები. შემდეგ წმიდა მამას გახურებული შანთებით დაუწყეს წამება; წმიდა ბასილი მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აღმოხდა: „ნათელო ჩემო ქრისტე! სასოებაო ჩემო იესო! მყუდროო ნავთსაყუდელო დევნილთა! მშვიდობით შეივედრე ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნილი, აწ უკვე შენი აღმსარებლის სული. მოწყალე არს და დიდებულ ნება შენი!“ ლოცვის დამთავრებისთანავე გახურებული შანთებით დასახიჩრებულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა. წმიდა ბასილი გარდაიცვალა 362 წლის 29 ივნისს. პეტრე-პავლობის დღესასწაულის გამო მისი ხსენება 22 მარტს დაწესდა.