მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > დაკრძალვის მართლმადიდებლური წესი
დაკრძალვის მართლმადიდებლური წესი


რას ნიშნავს ქრისტიანულად სიკვდილი

დაკრძალვის მართლმადიდებლური წესი

წიგნი იბეჭდება ბოლნისისა და დმანისის
მთავარეპისკოპოსის თადეოზის
(იორამაშვილის) ლოცვა-კურთხევით

მთარგმნელი : ელდარ ეკელაძე



- ადამიანის ცხოვრების სასრული
- დაკრძალვის წესი
- მიცვალებულთა მოხსენიება
- როგორ ვილოცოთ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში
- ყველა გარდაცვლილი მართლმადიდებელი ქრისტიანის განსაკუთრებული მოხსენიების დღეები
- მოსახსენიებელი ტრაპეზი (აღაპი, ქელეხი)
- რა უნდა ვიცოდეთ დაკრძალვის შესახებ
- ღმერთთან ყველა ცოცხალია
- კითხვები და პასუხები




იმ კითხვებიდან, რომელიც შეიძლება დავუსვათ საკუთარ თავს, ჩვენს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ლამის ყველაზე მთავარია - როგორ მოვემზადოთ სიკვდილისათვის.
~მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა~ (ლუკა, 23; 46) - ასეთი იყო უფლის უკანასკნელი სიტყვები? და რა დაგვრჩება ჩვენ სიკვდილის წინ? ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სიკვდილისათვის და ვეცადოთ გავიდეთ ამ სოფლიდან ისე, რათა თვით ჩვენი აღსასრული იყოს უფლისადმი ჩვენი რწმენისა და სიყვარულის მოწმობა, და თუკი შეიძლება, მაგალითი ახლობლებთათვის.
მაცხოვარმა ჩვენმა მოგვცა ჩვენ საუკეთესო მაგალითი. ნუთუ ის არ ევნო ჯვარზე? ნუთუ მისი სიკვდილი არ იყო საშინელი და სათაკილოც კი მთელი მსოფლიოს თვალში? და ამის მიუხედავად, რამხელა მოთმინება, რამხელა სიყვარული მოყვასისადმი, როგორი უსასრულო ყოვლისმიმტევებლობა, ღმრთის ნებისადმი როგორი მინდობაა! მსაგავსად ამისა უნდა კვდებოდეს ყოველი ჩვენგანი.
როცა ვიგრძნობთ სიკვდილის მოახლოებას, შევეცადოთ ვიპოვოთ ჩვენი სიმამაცე, სიცოცხლის ღირსეულად დასასრულებლად.
სანამ საბოლოოდ არ შეგვმუსრა სასტიკმა ავადმყოფობამ, უძლურებამ, ვიფიქროთ ჩვენს წარსულ ცხოვრებაზე, გავიხსენოთ ის სამარცხვინო, რისი მონანიებაც დაგვავიწყდა, ან ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია. და მაშინ მივიღოთ გადაწყვეტილება თუნდაც სამი დღით (ან მძიმედ ავადმყოფთათვის ერთი დღით) ვიმარხულოთ, წავიკითხოთ (ან წაგვიკითხონ) სინანულის ლოცვები, მოვემზადოთ ზიარებისათვის.
ზიარების წინ შევურიგდეთ მათ, ვინც ჩვენი მტერი, არაკეთილმოსურნე იყო, და ვთხოვოთ მოტევება მათ, ვისაც ჩვენ თვითონ ვაწყენინეთ. თუ გვაქვს ძალა უახლოეს ტაძრამდე მისასვლელად, რათა მოვინანიოთ ცოდვები, ვიცხოთ ნაკურთხი ზეთიო, ვეზიაროთ ქრისტეს წმიდა საიდუმლოთ, - აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს.
ზეთის კურთხევის (ზეთისცხების) საიდუმლოთი ადამიანს მიეტევება უმეცრებით ჩადენილი და (ან) დავიწყებული ციდვები. სიკვდილის წინ ზიარების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს მღვდელთმთავარი ილია მინიატისი (+1714), თავის ქადაგებაში ~წმინდა ზიარების საიდუმლოს სიდიადე~: ~ისე არ ბრწყინავს ვარსკვლავი ცაზე, როგორც ბრწყინავს ქრისტიანის სული ღმრთის მადლისაგან იმ ჟამს, როცა ის ეზიარება. და ეს იმიტომ, რომ როცა ვეზიარებით, მაშინ ვხდებით ქრისტეს სხეულის ასოები და ვუერთდებით ქრისტეს. და თუკი ჩვენი სული იმ ჟამს გაეყრებოდა სხეულს, ის მიიღებდა ადგილს მოწამეებთან, ქალწულებთან და ღირსებთან... ღმერთო ჩემო! მხსნელო ჩემო! დაე მოვკვდე - თუ ეს იქნება შენი წმიდა ნება - უღრან ტყეში ან სადმე სხვა უდაბურ ადგილას: ეს ჩემთვის სულერთია, ოღონდ სიკვდილის წინ ღირსვიქმნე ზიარებად შენი ყოვლადწმინდა სისხლისა და ხორცისა, რადგან, თუ იმ ჟამს შენ იქნები ჩემთან, არ შემეშინდება დაღუპვის: ისეთი საგზალით, როგორიც შენი სისხლი და ხორცია, მე ძლიერ ვიმედოვნებ, მივაღწიო შენს ცათა სასუფეველს~.
თუ მძიმედ ავად გავხდებით, ვთხოვოთ ახლობლებს, სახლში მოგვიყვანონ მღვდელი.
საკუთარი აღსასრულის მოლოდინში, ვეცადოთ განვთავისუფლდეთ ბუზღუნისაგან, აღშფოთებისაგან და მათდამი შურისაგან, ვინც ცოცხალი დარჩება. ამით გამომჟღავნდება ჩვენი სიმამაცეც, ჩვენი ღირსებაც, ჩვენი სასოებაც ღმრთისადმი და ღმრთის ნებისადმი საკუთარი თავის სრულად მინდობაც.
მივცეთ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს უკანასკნელი დარიგება, თუ როგორ იცხოვრონ, ვესაუბროთ მათ იმაზე, როგორ ილოცონ ჩვენთვის სიკვდილის შემდეგ, რა წაიკითხონ ჩვენი აღსასრულის ჟამს, როგორ დაგვმარხონ, რითი შეგვმოსონ. გავყოთ ნათესავთა შორის ჩვენი ქონება, რათა მათ შორის შემდეგ წყენა არ იყოს. ჩვენი მონაგარის ნაწილი გადავცეთ (ან დავუტოვოთ) მონასტრის ან ტაძრის შესაწირავად, ჩვენი სახელით მოწყალების გასაცემად.
მაგრამ ეს ყველაფერი თვით აღსასრულის წინ. ცოცხლები კი სანამ ვართ, თუნდაც ჯანმრთელნი და ჯანით აღსავსენი ვიყოთ, ნუ დავივიწყებთ სიკვდილს. სიკვდილის ხსოვნა შობს ლოცვას, ცრემლებს, ღმრთის წინაშე მონანიებას~ - ასე გვასწავლიან წმინდა მამები.

ადამიანის ცხოვრების სასრული

როგორ ვილოცოთ მომაკვდავთათვის. ამა სოფლიდან მარადიულობაში ადამიანის გასვლისას, მასზედ იკითხება განსაკუთრებული კანონი, ~სულის ამოსვლის ლოცვითი კანონი (სულთმობრძავის ლოცვები), რომელიც მომაკვდავის პირითაა დაწერილი, მაგრამ შეიძლება წაკითხულ იქნას მღვდლის ან რომელიმე ახლობლის მიერ. ხალხში მას ასევე ~განსვლის ლოცვას~ უწოდებენ.
ის (ლოცვა) აუცილებელი არაა მომაკვდავის გვერდით წავიკითხოთ. თუ ადამიანი საავადმყოფოში კვდება, კანონი შეიძლება სახლში წავიკითხოთ. მთავარია ლოცვით დავეხმაროთ სულს, მისთვის ყველაზე მძიმე წუთებში. თუკი მომაკვდავი სულს განუტევებს კანონის კითხვისას, მას ამთავრებენ მოსახსენებელის ჩასართავით: ~განუსვენე უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისასა...~
იმ შემთხვევაში, როცა სიკვდილისწინა ავადმყოფობა დიდხანს გრძელდება, და მძიმედ სტანჯავს როგორც ავადმყოფს, ისე მის ნათესავებს, მაშინ, მღვდელის კურთხევით, იკითხება სხვა კანონი - ~სულის ხორცისაგან გაყრის ლოცვა, როცა ადამიანი დიდხანს იტანჯება~. ის შეიცავს თხოვნას, ვნებულის (ტანჯულის) სწრაფი და მშვიდობიანი აღსრულებისა. კანონთა ტექსტები მოთავსებულია მართლმადიდებლურ ლოცვანებში.
რისთვის იკითხება განსვლის ლოცვა. სიკვდილის მომენტში ადამიანი განიცდის შიშს, დაქანცულობის მძიმე გრძნობას. წმინდა მამათა დამოწმებით, ადამიანს ეშინია სხეულის გარეთ პირველი სამი დღის განმავლობაშიც - სულის ხორცისაგან გაყრის შემდგომ. სხეულისაგან სულის გამოსვლისთანავე სულს ხვდება როგორც მფარველი ანგელოზი, რომელიც მას წმინდა ნათლისღებისას მიეცა, ასევე ბოროტი სულები (ეშმეკები). უკანასკნელთა შესახედაობა ისეთი საშინელია, რომ სული შემოიქცევა და ძრწის მათი დანახვისას.
ნათესავთა და ახლობლებთა მიერ, მომაკვდავ ადამიანზე წაკითხული კანონი, მოწოდებულია შეუმსუბუქოს მის სულს სხეულიდან გამოსვლა.
მომაკვდავის ახლობლებმა და მეგობრებმა უნდა მოიკრიბონ ვაჟკაცობა, რათა საყვარელ ადამიანთან გამომშვიდობებისას, შეეცადონ ლოცვით შეუმსუბუქონ მას არა იმდენად ხორციელი, რამდენადაც სულიერი ვნებანი.

დაკრძალვის წესი

მიცვალებულის განბანვა და შემოსვა. არც ერთი ხალხი ზრუნვის გარეშე არ ტოვებდა თავის გარდაცვლილთა ცხედარს, ამასთან, დაკრძალვა ყოველთვის შესაფერისი წესით ხდებოდა.
ქრისტეს წმინდა სარწმუნოება გვასწავლის პატივისცემით ვუყუროთ ქრისტიან ადამიანს მაშინაც, როცა იგი გაასრულებს თავისი ცხოვრების გზას. მკვდარი ქრისტიანი- სიკვდილის ნადავლი, ხრწნის მსხვერპლია, მაგრამ ის მაინც ქრისტეს სხეულის ასოა (იხ. 1 კორინთელთა 12; 27). მისი სხეული კურთხეულია ქრისტე მაცხოვრის ღვთაებრივ ხორცთან და სისხლთან ზიარებით. შეიძლება, რომ შეურაცხვჰყოთ სული წმინდა, რომლის ტაძარიც იყონ გარდაცვლილი? ადრე თუ გვიან, ქრისტიანის მკვდარი და ხრწნადი სხეული კვლავ გაცოცხლდება და შეიმოსება უხრწნელებით და უკვდავებით. ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესია არ სტოვებს თავის შვილს დედობრივი მზრუნველობის გარეშე მაშინაც კი, როცა ის გადასულია ამა სოფლიდან შორეულ და უცნობ, მარადიულობის ქვეყანაში.
მართლმადიდებელი ქრისტიანის გარდაცვალებისას, ეკლესიის მიერ აღსრულებულ ლოცვებს აქვს თავისი ღრმა აზრი. წმინდა სარწმუნოების შთაგონებაზე დაფუძნებულნი, ისინი სათავეს იღებენ ღმრთივ განათლებული მოციქულებისა და პირველი ქრისტიანებისაგან.
მიცვალებულის ცხედარს სიკვდილისთანავე განბანენ, ამასთან განბანვა უნდა შეეხოს სხეულის ყველა ნაწილს, - დაწყებული თავიდან. ის აღესრულება გარდაცვლილის ცხოვრების უბიწოების და სულიერი სიწმინდის ნიშნად, აგრეთვე იმისათვის, რათა მან შესძლოს სიწმინდით წარსდგეს უფლის წინაშე - აღდგომისას.
ცხედრის განბანვის დროს კითხულობენ ~სამწმინდა არსს~: ~წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ~. სახლში ინთება ლამპარი (კანდელი) ან სანთელი, რომელიც ანთია მანამ, სანამ მიცვალებული იქ იმყოფება.
განსაბანი წყალი უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი, რათა არ დავალბოთ იგი (მიცვალებულის სხეული). ამ დროს უნდა ვისარგებლოთ საპნით, რბილი ნაჭრით (ან ღრუბლით). ჩვეულებრივ, განბანვას ასრულებენ უფროსი ასაკის ადამიანები, ხოლო თუ ასეთი არ აღმოჩნდება, მაშინ განბანვა ქალსაც შეუძლია.
განბანვის შემდეგ, ქრისტიანის ცხედარს შემოსავენ ახალ და სუფთა სამოსში. ახალი სამოსი თითქოსდა მიანიშნებს ჩვენი უხრწნელობისა და უკვდავების ახალ სამოსელზე. თუ ადამიანს არ ეკიდა ჯვარი, აუცილებლად ჰკიდებენ.
მიცვალებულის ბაგეები მოკუმული უნდა იყოს, თვალები დახუჭული, ხელები მკერდზე გადაჯვარედინებული, მარჯვენა მარცხენაზე დადებული. ქრისტიან ქალს აფარებენ თავსაფარს, რომელიც მთლიანად უნდა ფარავდეს თმებს, ამასთან მისი ბოლოები შეიძლება არც შევკრათ, არამედ უბრალოდ გადავაჯვარედინოთ.
მიცვალებულს მარცხენა ხელში უდებენ ხატს (ან ჯვარს), მამაკაცისათვის - მაცხოვრის გამოსახულებით, ქალისათვის - ღმრთისმშობლის გამოსახულებით, ისეც შეიძლება, რომ მარცხენა ხელში ჯვარი ედოს, ხოლო მკერდზე - ხატი. ეს კეთდება იმის ნიშნად, რომ მიცვალებულს სწამდა ქრისტე, და მიაბარა მას სული, რომ ის სიცოცხლეში ~წინაისწარ ხედავდა~ უფალს, ახლა კი წმინდანებთან ერთად მისი პირის ნეტარხედვაზე გადადის.
მიცვალებულის ცხედრის კუბოში ჩასვენების წინ, წმინდა წყალს ასხურებენ ცხედარსაც და მის კუბოსაც, გარედან და შიგნიდან. შეიძლება კუბოს მოკმევაც. გარდაცვლილის შუბლზე დებენ გვირგვინს. მას იძლევიან ეკლესიაში, როცა მიცვალებული მიჰყავთ წესის ასაგებად. გარდაცვლილი ქრისტიანი ირთვება გვირგვინით, როგორც ცათა სასუფეველის ჯილდოს სიმბოლოთი - მიწიერი ცხოვრების სიმძიმილის გამო. გვირგვინზე გამოსახულია უფალი იესო ქრისტე, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, და იოანე ნათლისმცემელი, წარწერით ~ სამწმიდა არს~. ამით ნაჩვენებია, რომ მიწიერი ცხოვრების დამსრულებელი იმედოვნებს, თავისი ღვაწლისათვის გვირგვინის მიღებას (იხ. @ ტიმოთე, 4; 7; 8; ) მხოლოდ ერთსამება ღმერთის მოწყალებით და ღმრთისმშობლისა და უფლის ნათლისმცემლის იოანეს შუამდგომლობით.
მიცვალებულის მხრებისა და თავქვეშ დებენ ბალიშს, რომელსაც ჩვეულებრივ, ავსებენ ბზით ან ხეთა ფოთლებით სულთმოფენობის დღესასწაულიდან. ცხედარს ფარავენ ზეწრით.
კუბოს ცხედრით დგამენ ოთახის შუაში, სახლის ხატების წინ. (წინა კუთხეში), პირით გასასვლელისაკენ. კუბოს ირგვლივ ანთებენ სანთლებს (ან თუნდაც ერთს თავთან) იმის ნიშნად, რომ მიცვალებული ნათლის სსაუფეველში გადავიდა.
როგორ ვილოცოთ ადამიანისათვის მისი გარდაცვალების შემდგომ სამ დღეს. მას შემდეგ, რაც მიცვალებულის სხელს განბანენ და შემოსავენ, იწყებენ კანონის კითხვას, რომელსაც ეწოდება ~ სულის სხეულიდან ( ხორციდან) ამოსვლის შემდგომ წასაკითხი~. იმის მიუხედავად, თუ სად მოკვდა ადამიანი, სახლში თუ გარეთ, სულერთია, მისი სიკვდილის დღეს კითხულობენ ამ კანონს. კანონის კითხვა უნდა დავიწყოთ დასაწყისი ლოცვებით, შემდეგ 90- ეფსალმუნი, შემდეგ - რიგის მიხედვით. კანონი იკითხება მხოლოდ იმ დღეს გარდაცვლილი ადამიანისათვის. ამიტომ არ ეგების მისი კითხვისას ჩავურთოთ საგალობელი: ~განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისასა მონისა შენისასა (სახელი)~, წარმოვთქვათ სხვა მიცვალებულთა სახელები და ა.შ.
~შემდგომად~ კანონის ბოლოს არის განსაკუთრებული ლოცვითი მიმართვა ღნრთისადმი, თვით მიცვალებულის სახელის სარმოთქმით: ~მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სარწმუნოებითა და სასოებით საუკუნო ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებული მონა შენი (სახელი)...~. ამ ლოცვის შემდეგ კითხულობენ: ~საუკუნო ხსენება, უფალო, მონასა (მხევალსა) შენსა~.
კანონი იკითხება მიცვალებულის პირით იმ მიზნით, რათა ღმრთის მოწყალებამ, მიცვალებულისთვის ჩვენი ლოცვებით, შეუმსუბუქოს სულს ხორცთან განშორების სიმწარე, სხეულის გარეთ სულის ყოფნის პირველ მომენტში.
შემდეგ, სამი დღის განმავლობაში მიცვალებულზე კითხულობენ ფსალმუნს, რომლის კითხვასაც თხოვნით იწყებენ: ~ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო. შეგვიწალე ჩვენ, ამინ.~ შემდეგ იკითხება დასაწყისი ლოცვები და ის ლოცვები, რომელნიც წინაუსწრებს ფსალმუნებს.
ფსალმუნნი დაყოფილია ოც დიდ ნაწილად - კანონებად. ყოველი კანონის წინ მეორდება სამგზის მოწოდება ღმრთისადმი თაყვანისცემისა: ~მოვედით, თაყვანი - ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა, მოვედით თაყვანის ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა ღმერთსა. მოვედით, თაყვანის ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.~
ამ მოწოდების შემდგომ იკითხება კანონი. რამდენიმე ფსალმუნის დასრულების შემდგომ, რომელნიც სიტყვა ~დიდება~ -თი არის გამოყოფილი, ითქმება: ალილუია! (სამჯერ) დიდება შენდა ღმერთო~ და მეორდება ლოცვითი თხოვნა მიცვალებულთათვის ~შემდგომად~ ლოცვითი კანონიდან:~მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო~... ამ ლოცვის შემდეგ, გრძელდება პირველი კანონის (ან შემდეგ მე-2, მე-3 და ა. შ.) ფსალმუნთა კითხვა. ყოველ კანონში სამი ~დიდება~-ა, შესაბამისად კანონის კითხვისას, სამჯერ ეგების მიმართვა ღმრთისადმი, მიცვალებულის შეწყალების განსაკუთრებული თხოვნით.
ფსალმუნი იკითხება შეუსვენებლივ (დღე და ღამე), ქრისტიანის კუბოსთან მანამ, სანამ გარდაცვლილს არ დაკრძალავენ. რადგანაც მიცვალებულის ნათესავებს, პირველ სამ დღეს ბევრი საზრუნავი აქვთ, დასაფლავების ორგანიზების მხრივ, ფსალმუნთა წასაკითხავად იწვევენ ნაცნობებს და მეგობრებს. მიცვალებულთათვის ფსალმუნთა წაკითხვა შეუძლია ნებისმიერ კეთილმსახურ ერისკაცს.
შემთხვევითი არაა, რომ ეკლესიამ უძველესი დროიდან დაადგინა, მიცვალებულთა კუბოსთან სწორედ ფსალმუნთა კითხვა. Fფსალმუნნი აღწარმოქმნის ჩვენი სულის ყოველგვარ მოძრაობას, ცოცხლად თანაგვიგრძნობს სიხარულშიც და მწუხარებაშიც, მრავალ ნუგეშსა და მხნეობას ღვრის ჩვენს მწუხარე გულში. ფსალმუნთა კითხვა ღმრთისადმი მიცვალებულთათვის სალოცავად გვემსახურება და ამავე დროს მის ახლობელთა მწუხარებას აცხრობს.
ცხედრის გამოტანა. სახლიდან კუბოს გამოტანამდე მცირე ხნით ადრე, კიდევ ერთხელ იკითხება ~სხეულიდან (ხორციდან) სულის ამოსვლის შემდგომ წასაკითხი~ ლოცვითი კანონი.
კუბო გამოაქვთ, გასასვლელისაკენ მიცვალებულის პირის მიქცევით. ცხედრის გამოტანისას გამცილებელნი გალობენ ~სამწმიდა არს~-ს: ~წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ~, იმის აღსანიშნავად, რომ გარდაცვლილი სიცოცხლეში აღიარებდა ცხოვრებისმომცემელ სამებას და ახლა გადადის უხორცო სულთა სასუფეველში, რომელნიც გარს ევლებიან ყოვლისმპყრობელის საყდარს და დაუდუმებლად უგალობენ მას ~სამწმიდე არს~-ს.
საეკლესიო წესის აგება. გარდაცვლილის კუბოს დგამენ ეკლესიის შუაში პირით საკურთხევლისაკენ, და კუბოს ოთხივე მხარეს დგამენ სასანთლეებს.
ეკლესიის სწავლებით, ადამიანის სული, გარდაცვალებიდან მესამე დღეს, - იმ დროს, როცა მისი სხეული უსულოდ წევს, - გადის საშინელ საზვერეებს და სჭირდება ეკლესიის დიდი დახმარება. რათა გავუადვილოთ მას სხვა ცხოვრებაში გადასვლა, მართლმადიდებელი ქრისტიანის კუბოსთან იკითხება კანონი და ფსალმუნნი, ეკლესიაში კი სრულდება წესის აგება.
წესის აგების მსახურება სრულდება გალობებისაგან, რომელშიც მოკლედ აისხება ადამიანის მთელი ბედი; მცნებათა დარღვევის გამო, ის კვლავ მიიქცევა მიწად, რომლისგანაც აღებულია: ~შენ ხოლო ხარ უკვდავი, კაცთა შემოქმედო და შემქმნელო; ჩვენ კი მიწიერნი, მიწისაგან შექმნილნი, მიწადვე მივიქცევით, ვითარცა შენ ბრძანე, დამბადებელო: ~მიწა ხარ და მიწად მიიქეც~. იქვე წარვალთ ჩვენ, ყოველნი მიწით შობილნი, და სამარისებური გოდებით ხმავჰყოფთ გალობას: ~ალილუია, ალილულია, ალილუია~.
მაგრამ, მიუხედავად ცოდვათა სიმრავლისა, ადამიანი რჩება ~ღმრთის დიდების სახებად~, ამიტომ წმინდა ეკლესია ევედრება მეუფესა და უფალს, მისი გამოუთქმელი მოწყალებით, მიუტევოს მიცვალებულს ცოდვები და ღირსჰყოს იგი ცათა სასუფეველსა.
~წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა არცა არს, არცა ურვა, არცა სალმობა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი~.
სამოციქულოსა (1 თესალ. 4; 13-17) და სახარების (იოანე, 5; 24-30) წაკითხვის შემდეგ, მღვდელი კითხულობს განტევების ლოცვას, რომლითაც მიცვალებულს მიეტევება ყველა ეპიტემია და ცოდვა, რომლებიც მან მოინანია (ან აღსარების თქმა დაავიწყდა), და მიცვალებული მშვიდობით წარიგზავნება საიქიო ცხოვრებაში. ფურცელს, ამ ლოცვის ტექსტით, იქვე უდებენ მიცვალებულს მარჯვენა ხელში, მისი ნათესავები და ახლობლები.
უკანასკნელი ამბორი, ანუ გამოთხოვება მიცვალებულთან, აღესრულება სულისშემძვრელი ლოცვების (სტიქარონების) გალობის თანხლებით: ~მოვედით, უკანასკნელად ამბორს-ვუყოთ ძმანო, მიცვალებულს, ვმადლობდეთ ღმერთსა~...
მიცვალებულის ნათესავები და ახლობლები გარს უვლიან კუბოს, ქედმოხრით ევედრებიან მიცვალებულს უნებლიე წყენათა მიტევებას, უკანასკნელად ეამბორებიან მიცვალებულს (გვირგვინს მის თავზე ან კუბოში დადებულ ხატს). ამის შემდეგ ცხედარს მთლიანად ფარავენ ზეწრით და მღვდელი ჯვრის სახით აყრის მიწას მას სიტყვებით: ~მიწა უფლისა და ყოველივე აღვსება მისი, ყოველი სოფელი და მკვიდრნი მას ზედა~. კუბოს თავს ახურავენ. თუ მიცვალებულის ნათესავებს, მასთან სასაფლაოზე გამომშვიდობება სურთ, მაშინ კუბოს ტაძარში არ დაახურავენ თავს, მღვდელი კი ახლობელთაგან ვინმეს აკურთხებს, მოაყაროს მიწა ცხედარს, უშუალოდ დაკრძალვის წინ.
ტაძრიდან ცხედრის გამოსვენების დროს იგალობება ანგელოზთა გალობა - ~სამწმიდა არს~.
დაუსწრებლად წესის აგება. იმ შემთხვევაში თუ, მიცვალებულისათვის ტაძარში წესის აგების საშუალება არ არის, მიცვალებულს დაუსწრებლად უგებენ წესს. მიცვალებულის ნათესავები, როგორც წესი, უახლოეს ეკლესიაში უკვეთავენ წესის აგებას. წესის აგების შემდეგ, ნათესავებს ეძლევათ გვირგვინი, განტევების ლოცვის ფურცელი და მიწა საპანაშვიდე მაგიდიდან. სახლში მიცვალებულს მარჯვენა ხელში უდებენ განტევების ლოცვას, შუბლზე ადებენ ქაღალდის გვირგვინს, მასთან დამშვიდობების შემდეგ კი, სასაფლაოზე მის ცხედარს – თავიდან ბოლომდე, მარჯვენა მხრიდან მარცხნივ, ჯვრისსახედ ზეწრით დაფარულს - აყრიან ქვიშას ისე, რომ სწორი ფორმის ჯვარი გამოვიდეს.
თუ დაუსწრებლად წესის აგება სრულდება დაკრძალვიდან რაღაც დროის შემდეგ, სასფლაოს მიწა უნდა მიმოვაბნიოთ, ხოლო ქაღალდის გვირგვინი და განტევების ლოცვის ფურცელი ჩავფლათ სამარის ბორცვში მცირე სიღრმეზე. თუ სამარე შორს ან უცნობ ადგილასაა, ქაღალდის გვირგვინს და ლოცვას წვავენ, მიწას კი მიმოაბნევენ ნებისმიერ სამარეზე, რომელზეც მართლმადიდებლური ჯვარია აღმართული.
დაკრძალვა. სამარეში ასვენებენ პირით აღმოსავლეთისაკენ, იმავე მიზნით, რა მიზნითაც ვლოცულობთ აღმოსავლეთით პირმიქცეულნი, - მარადიული განთიადის დადგომის, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინით, და იმის ნიშნად, რომ მიცვალებული შორდება ცხოვრების დასავლეთს - მარადიულობის აღმოსავლეთის მიმართულებით.
სამარეში ცხედრის ჩასვენებისას კვლავ იგალობება ~სამწმიდა არს~ -ი. უკანასკნელ გზაზე მიცვალებულის ყველა გამცილებელი, სამარის ამოვსების წინ ყრის მასში თითო მუჭა მიწას. ამგვარად, მიცვალებულს მიაბარებენ მიწას, საღმრთო განგებულებისადმი მორჩილების ნიშნად: ~მიწა ხარ, და მიწად მიიქეც~(შწსაქმე 3; 19).
ჯვარი, ცხოვნების სიმბოლო, აღმართული უნდა იყოს ყოველი ქრისტიანის საფლავზე. მიცვალებულს სწამდა ჯვარცმული და სიკვდილის ძალით განისვენებს ჯვრის ჩრდილქვეშ. ჯვარი შეიძლება ნებისმიერი მასალისაგან იყოს დამზადებული.
მართლმადიდებელი ქრისტიანის საფლავისათვის უფრო შესაფერისია უბრალო ჯვარი ხისგან, ბეტონისგან ან ლითონისგან, ვიდრე გრანიტის და მარმარილოს ძვირფასი მონუმენტები. დაუშვებელია საფლავის ქვაზე (ან ჯვარზე) მოვათავსოთ განსვენებულის პორტრეტი ან ფოტოგრტაფია. თუ ნათესავებს სურთ წააწერონ ეპიტაფია, მაშინ უკეთესია, ტრადიციულად გამოვიყენოთ სიტყვები წმინდა წერილიდან ან ცნობილი ლოცვებიდან, და არა ჩვენს მიერ შეთხზული ფრაზები.

მიცვალებულთა მოხსენიება

მიცვალებულთა მოხსენიების განსაკუთრებული დღეები. ეკლესია მუდმივად ლოცულობს ყოველთა ~წინა შესვენებულთა მამათა და ძმათა ჩვენთათვის~, მაგრამ ის ასევე აღასრულებს განსაკუთრებულ მოხსენიებას ყოველი მიცვალებულისა, თუკი ამისათვის არსებობს საჭიროება და ჩვენი კეთილმსახურებითი სურვილი. ასეთ მოხსენიებას კერძო ეწოდება და მას მიეკუთვნება მოხსენიება მესამე, მაცხრე, მეორმოცე დღეს და წლისთავზე (გარდაცვალებიდან).
მიცვალებულთა მოხსენიება სიკვდილის შემდგომ მესამე დღეს, არის მოციქულებრივი გარდამოცემა. ის აღესრულება იმიტომ, რომ გარდაცვლილი მონათლული იყო მამისა და ძისა და სული წმიდის სახელით, ერთსამება ღმერთის სახელით. მიცვალებულის მოხსენიებას მესამე დღეს, საღვთისმეტყველოს გარდა, აქვს აგრეთვე, საიდუმლო მნიშვნელობაც, რომელიც სულის საიქიო მდგომარეობას ეხება.
პირველ ორ დღეს, სული ჯერ ისევ იმყოფება მიწაზე და მასთან მყოფ ანგელოზთან ერთად ეწვევა იმ ადგილებს, რომელიც იზიდავენ მას მიწიერი სიხარულისა და სიმწარის, კეთილ და ბოროტ საქმეთა მოგონებებით. მესამე დღეს კი უფალი უბრძანებს სულს, აღვიდეს ზეცად - მისთვის თაყვანისსაცემად.
ექვსი დღის განმავლობაში, მესამედან მეცხრე დღემდე, ღმრთის პირიდან დაბრუნებული სული, შედის სამოთხის სავანეებში და ჭვრეტს მათს გამოუთქმელ მშვენებას. მეცხრე დღეს უფალი უბრძანებს ანგელოზებს, კვლავ წარადგინონ სული მასთან - თაყვანისსაცემად.
ღმრთისადმი მეორეგზის თაყვანისცემის შემდეგ, ანგელოზებს მიჰყავთ სული ჯოჯოხეთში, სადაც ის ჭვრეტს მოუნანიებელ ცოდვილთა სასტიკ ტანჯვას. სიკვდილიდან მეორმოცე დღეს სული მესამედ აღიყვანება უფლის საყდართან, სადაც წყდება მისი ხვედრი - დგინდება ადგილი, რომლის ღირსიც გახდა იგი (სული) თვისთა საქმეთა მიხედვით.
სწორედ ამიტომ, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ძლიერად უნდა ვილოცოთ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. მაგრამ ამ ვადებს (თარიღებს) აქვს სხვა აზრიც. მიცვალებულთა მოხსენიება მესამე დღეს, აღესრულება ქრისტეს მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომისა და ყოვლადწმინდა სამების სახების პატივსაცემად. ლოცვა მეცხრე დღეს არის პატივის მიგება ანგელოზთა ცხრა დასისადმი, რომელნიც როგორც მსახურნი ცათა მეუფისა, შუამდგომლობემ განსვენებულის შეწყალებისათვის.
ძალიან ძველად, მიცვალებულთა გამო ტირილი ორმოც დღეს გრძელდებოდა. ეკლესიის დადგენილებით, მიცვალებულთა მოხსენიება ორმოცი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და განსაკუთრებით ძლიერი მეორმოცე დღეს უნდა იყოს. როგორც ქრისტემ - ორმოცი დღის მარხვისა და ლოცვის შემდეგ სძლია ეშმაკი, ასევე ეკლესიაც ლოცულობს, გასცემს მოწყალებას და სწირავს უსისხლო მსხვერპლს მიცვალებულისათვის, მისთვის ითხოვს უფლისგან მადლს, ეხმარება მტრის, ბნელეთის, ჰაერთა მთავრის ძლევაში და ცათა სასუფეველის დამკვიდრებაში.
რა შეგვიძლია ვაკეთოთ ახლობელთათვის, გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში? როგორც კი ადამიანი მოკვდება, საჭიროა მაშინვე ვიზრუნოთ, საღვთო წირვის დროს მიცვალებულის სულის ყოველდღიურ მოხსენიებაზე ორმოცი დღის განმავლობაში. შესაძლებლობის მიხედვით, კარგია შევუკვეთოთ ორმოცი ჟამის წირვა და უკეთესია რამდენიმე ტაძარში.
თუ ადამიანი მოკვდა დიდმარხვაში, მაშინ ყოველი კვირის ოთხშაბათს და პარასკევს უკვეთავენ პანაშვიდს, შაბათს და კვირას კი - წირვას მიცვალებულთა სულის განსვენებისათვის. დიდმარხვის დროს ორმოც ჟამის წირვას არ უკვეთავენ, რადგანაც ამ დროს საღვთო ლიტურღია ყოველდღე არ აღესრულება.
ბრწყინვალე შვიდეულში პანაშვიდი არ გადაიხდება, რადგან აღდგომა - საყოველთაო სიხარულია მათთვის, ვისაც სწამს ჩვენი მაცხოვრის, უფალი იესო ქრისტეს აღდგომა, ამიტომ, მთელი კვირის მანძილზე, არ მიიღება შეკვეთა არც პანაშვიდზე, არც წირვაზე მიცვალებულთათვის. მხოლოდ თომას კვირეულის სამშაბათიდან (აღდგომის მეორე შვიდეული) ტაძრებში იღებენ შეკვეთებს წირვაზე მიცვალებულთა სულის განსვენებისათვის.
ქრისტიანის სიკვდილის დღე არის ახალი, უკეთესი ცხოვრებისათვის მისი დაბადების დღე. ამიტომაც, ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი ახლობლების გარდაცვალების წლისთავზე მათს ხსოვნას, ვევედრებით რა ღმრთის კეთილმოწლეობას (გულმოწყალებას) მათი სულების შეწყალებას, სანუკვარი მამულის (ცათა სასუფევლის - მთარგმ. შენიშვ.) სამუდამო სამკვიდრებლად მათთვის მინიჭებას.
სოკვდილიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს, აგრეთვე წლისთავზე, ეკლესიაში უნდა შევუკვეთოთ წირვა მიცვალებულის სულის განსასვენებლად. სახლში ამ დღეებში იკრიბებიან მისი ნათესავები და ახლობლები, რათა მისთვის ერთობლივი ლოცვით შესთხოვენ უფალს მისთვის ცოდვების მიტევება და ცათა სასუფეველში მისი სულის განსვენება.
მიცვალებულნი უნდა მოვიხსენიოთ მათი მიწიერი დაბადების დღეებშიც, მათი სახელობის დღეებშიც (იმ წმინდანის ხსენების დღეებში, რომლის სახელსაც ისინი ატარებდნენ). მათი მოხსენიების დღეებში უნდა შევუკვეთოთ ჟამის წირვა და პანაშვიდი, ვილოცოთ მათთვის სახლში, გავიხსენოთ ისინი ტრაპეზზე.
რატომ და როგორ შეიძლება იყოს კეთილისმყოფელი მიცვალებულთათვის ჩვენი ლოცვები. ორმოცი დღის შემდეგ ზოგი სული აღმოჩნდება მარადიული სიხარულისა და ნეტარების წინათგრძნობის მდგომარეობაში, სხვანი კი ძრწიან მარადიული სატანჯველის მოლოდინში, რომელიც გამძაფრედება საშინელი სამსჯავროს (უფლის მეორედ მოსვლის, როცა ის განსჯის ყოველ ცხოველს (ცოცხალს) და მკვდარს) შემდეგ. მაგრამ იმ დრომდე შესაძლებელია სულის საიქიო ხვედრის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ეკლესიაში მისთვის აღვლენილი ლოცვებისა და მის სახსოვრად გაკეთებული კეთილი საქმეების წყალობით.
თუნდაც ჯოჯოხეთში მყოფი სულებისათვის, როგორც საზოგადო, ასევე კერძო (სახლის) ლოცვების სარგებლობაზე სწერია წმინდანთა და მოღვაწეთა ცხოვრებაში, აგრეთვე წმიდა მამათა გარდამოცემაში.
ჩვენს ლოცვებს გარდაცვლილთა სულებზე უშუალო ზემოქმედება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღესრულნენ მართალი სარწმუნოებით და ჭეშმარიტი სინანულით, ეკლესიასთან და უფალ იესოსთან ერთობაში მყოფნი. მაშინ, ჩვენს თვალთაგან განშორების მიუხედავად, ისინი ჩვენთან ერთად მიეკუთვნებიან ეკლესიას: ქრისტეს ერთსა და იმავე სხეულს (იხ. ეფესელთა 1, 23; კოლასელთა 1, 18). მართალი სარწმუნოებით და ჭეშმარიტი სინანულით აღსრულებულებმა იმ სოფლის სარწმუნოებით და ჭეშმარიტი სინანულით აღსრულებულებმა იმ სოფლად გადაიყოლეს სიკეთის საწყისი ანუ ახალი ცხოვრების თესლი, რომლის გაღვივებაც აქ თვითონ ვერ მოასწრეს. მაგრამ, ჩვენი ლოცვების გავლენით, ღმრთის კურთხევით, ის შეიძლება თანდათან გაღვივდეს და ნაყოფი გამოიღოს.
ამჟამად, მრავალი მონათლული ადამიანი არ დადის ტაძარში, არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება, ან აკეთებს ყოველივე ამას ძალზე იშვიათად. მათთვის, აგრეთვე უეცარი სიკვდილით ყველა აღსრულებულისათვის - რომელთაც აღსასრულისათვის შესაბამისი მომზადება ვერ მოასწრეს - იკითხება ღირსი პაისი დიდის კანონი - წმინდანისა, რომელსაც ღმერთმა მიანიჭა განსაკუთრებული მადლი, უნანელად გარდაცვალებულთათვის შუამდგომლობისა.

როგორ ვილოცოთ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში

მე-17 კანონის მნიშვნელობა. ადამიანის გარდაცვალებიდან მთელი ორმოცი დღის განმავლობაში მისმა ნათესავებმა და ახლობლებმა ფსალმუნნი უნდა იკითხონ. დღეში თუ რამდენი კანონი - ეს დროზე და მკითხველთა ძალებზეა დამოკიდებული, მაგრამ კითხვა აუცილებლად ყოველდღიური უნდა იყოს. ფსალმუნთა სრულად წაკითხვის შემდეგ, ის თავიდან იკითხება. არ უნდა დავივიწწოთ მხოლოდ, ყოველი ~დიდების~ შემდეგ, მიცვალებულის მოხსენიების შესახებ ლოცვითი თხოვნის წაკითხვა (~სულის ხორციდან (სხეულიდან) ამოსვლის შემდგომად საკითხავიდან).
მრავალი გარდაცვლილის ნათესავები და ახლობლები, სხვადასხვა ვითარებათა მომიზაზებით, ფსალმუნთა კითხვას სხვებს (მკითხველებს) ანდობენ, იხდიან რა ამაში ფულს, ანდა უკვეთავენ მას მონასტერში (ე.წ. ~დაუძინებელი ფსალმუნება~). რა თქმა უნდა, ღმერთი ასეთ ლოცვასაც ისმენს. მაგრამ ის იქნება უფრო ძლიერი, უფრო გულწრფელი, უფრო სუფთა, თუკი გარდაცვლილის ნათესავი ან ახლობელი ადამიანი თვითონ შესთხოვს ღმერთს მიცვალებულის შეწყალებას. და არ ღირს ამისატვის არც ძალის, არც დროის დაზოგვა.
მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს საჭიროა მიცვალებულისათვის საგანგებო კანონის (მასში შედის 118 -ე ფსალმუნი) წაკითხვა. მას ეწოდება მოსახსენებელი, საღვთისმეტყველო წიგნებში კი - ~უბიწონი~ (მისი პირველი მუხლის სიტყვების მიხედვით: ~ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა~).
იუდეველებს ჩვევად ჰქონდათ, პასექის მწუხრისას და მისი დამთავრების შემდეგ, ეგალობათ ფსალმუნნი, და უპირატესად 118-ე ფსალმუნი, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლას ეძღვნება. გარდამოცემის მიხედვით, ქრიტე მოწაფეებთან ერთად, იმ სახლიდან, სადაც შედგა საიდუმლო სერობა, ფსალმუნთა გალობით - როგორცდ ყველაფრიდან ჩანს, ზუსტად 118-ე ფსალმუნის გალობით - გამოვიდა: ~და გალობაი წართქვეს და განვიდეს მთასა მას ძეთისხილსა~.
მუხლით ~კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავე მე სიმართლენი შენნი~ უგალობდა თავის თავს უფალი, ვნებასა და სიკვდილზე მიმავალი. ეს მუხლი ყოველთვის იგალობება ეკლესიის მიერ, მიცვალებულთა დაკრძალვისას, კანონი კი იკითხება მოხსენიების განსაკუთრებულ დღეებში. ამ კანონში გამოხატულია მათი ნეტარება, ~რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა~ (ე.ი. მართალ ადამიანთა ნეტარება, ვინც ღმრთის მცნებათა მიხედვით ცხოვრებას ცდილობს).
როგორ წავიკითხოთ სწორად მე-17 კანონი. სახლში ის იკითხება ისევე, როგორც ყველა დანარჩენი. კანონის მუხლები: 1, 2, 12, 22, 25, 29, 37, 58, 66, 72, 73, 88 - იკითხება ჩასართავებით: ~მოიხსენე უფალო, სული მონისა (მხევლისა) შენისა~.
სამჯერ იგალობება კანონის პირველი ნახევრის დამამთავრებელი მუხლები (92,93): ~არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წავრწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა. უკუნისამდე არა დავივიწყო მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე~. ამის შემდეგ კვლავ მეორდება ჩასართავი. კანონის მეორე ნაწილში მუხლები: 94, 107,. 114, 121, 131, 132, 133, 142, 153, 159, 163, 170 - იკითხება ჩასართავით: ~განუსვენე, უფალო, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა~. დასასრულს, სამჯერ იგალობება 118-ე ფსალმუნის ბოლო მუხლები (175, 176): ~ცხოვნდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე. შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანნი შენნი მე არა დავივიწყენ~. მას შემდეგ კიდევ ერთხელ მეორდება ჩასართავი, მისი სულის განსვენების თხოვნით, ვისთვისაც ლოცულობენ.
~დიდების~ შემდეგ იკითხება ლოცვითი თხოვნა.
კანონის შემდეგ იკითხება დადგენილი ტროპარები (ისინი ლოცვანებში 118-ე კანონის შემდეგ მაშინვეა მითითებული). მათს შემდეგ კი - 50-ე ფსალმუნი და ტროპარი უბიწონი, ან ტროპარი განსვენებისათვის (რიცხვით 8), 118-ე ფსალმუნის ყოველ მუხლთან ჩასართავით: ~კურთხეულ ხარ, შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი~.
ამ ტროპართა შემდეგ იკითხება ~სულის სხეულიდან (ხორციდან0 ამოსვლის შემდგომი კანონი.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ეკლესიაში პანაშვიდის დროს, მე-17 კანონი იყოფა ორ ნახევრად და ოდნავ განსხვავებულად იკითხება.

ყველა გარდაცვლილი მართლმადიდებელი ქრისტიანის განსაკუთრებული მოხსენიების დღეები

ზოგიერთ დღეს, განსაკუთრებით შაბათობით, აღესრულება მიცვალებულთა მსოფლიო (საყოველთაო) მოხსენიება.
სწორედ შაბათობითაა დაწესებული გარდაცვლილთათვის ლოცვა, იმიტომ, რომ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ასეა განჩინებული: კვირეულის ყოველ შაბათს, განსვენების დღეს მოვიხსენიოთ გარდაცვლილი ნათესავები და ახლობლები.
როგორ მოვიხსენიოთ? ყოველ მართლმადიდებლურ ლოცვანში, დილის ლოცვების ბოლოს მოთავსებულია ლოცვები ცოცხალთათვის და მიცვალებულთათვის. ნუ დავიზარებთ ვიკითხოთ ეს მცირე მოსახსენიებელი ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისათვის, მათი სახელების წარმოთქმით და მათთვის ლოცვითი ვედრებით.
მიცვალებულთა განსაკუთრებული მოხსენიების დღეებად ითვლება ხუთი მსოფლიო (საყოველთაო) შაბათი.
ხორციელის მსოფლიო (საყოველთაო) შაბათი აღინიშნება დიდმარხვამდე ორი კვირით ადრე. ამ დღეს ეკლესია ლოცულობს ყველა მართლმადიდებლისათვის, მათ შორის უეცარი სიკვდილით (წყალდიდობით, მიწისძვრით, ომით) გარდაცვლილთათვის.
მიცვალებულთ ყოველდღიური მოხსენიების ნაცვლად - საღმრთო ლიტურღიის დროს, - რაც არ ხდება დიდმარხვაში, ეკლესიამ დაადგინა გაძლიერებული მოხსენიების აღსრულების შემდეგ სამ დღეს: დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს.
სულთმოფენობის მსოფლიო (საყოველთაო) შაბათი აღინიშნება სულთმოფენობის წინა დღეს. ამ დღეს აღესრულება ყველა გარდაცვლილი კეთილმსახური ქრისტიანის მოხსენიება.
ამ დღეებში შეუკვეთეთ ჟამისწირვა ან კვეთაში მოხსენიება თქვენი გარდაცვლილი ნათესავებისა და ახლობლებისათვის.
ასეთ დღეებში კარგია ეწვიოთ გარდაცვლილთა საფლავებს, ეკლესიაში პანაშვიდის დროს ვილოცოთ მათი განსვენებისათვის, სახლში კი წავიკითხოთ მე-17 კანონი. ტრაპეზის დროს არ დაივიწყოთ გარდაცვლილთა მოხსენიება.
ძალიან მნიშვნელოვანია, ვაზიაროთ საკუთარი ბავშვები გარდაცვლილ ახლობელთა მოხსენიებას. თუ ისინი პატარებია, აიღეთ ფოტოალბომი და ბავშვებთან ერთად გაიხსენეთ განსვენებული პაპა, ბებია, სხვა ახლობლები, მოუყევით მათზე, ასწავლეთ ბავშვებს, თუნდაც მოკლე ლოცვით მიმართონ ღმერთს: ~ განუსვენე, უფალო, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთა, ყოველთა ნათესავთა და ახლობელთა ჩვენთა, და მიანიჭე მათ ცათა სასუფეველი~.
როდის არ ხდება მიცვალებულთა მოხსენიება. პანაშვიდები, დაუსწრებლად წესის აგება და ნებისმიერი მიცვალებულთა ლოცვები, გარდა კვეთაში მოხსენიებისა, არ აღესრულება ტაძრებში ვნების შვიდეულის (აღდგომის წინა ბოლო კვირეული) ოთხშაბათიდან კვირაცხოვლობამდე (აღდგომის შემდგომი კვირიაკე). წესის აგება ამ პერიოდში გარდაცვლილზე დასაშვებია, ოღონდ არა აღდგომის დღეს. სააღდგომო წესის აგება განსხვავდება ჩვეულებრივისაგან იმით, რომ შეიცავს სააღდგომო, სასიხარულო გალობას.
ქრისტეშობას და სხვა საუფლო დღესასწაულებზე, ლოცვები მიცვალებულთათვის წესდებით არ დაიშვება, მაგრამ შეიძლება შესრულდეს ტაძრის წინამძღვრის შეხედულებისამებრ.

მოსახსენიებელი ტრაპეზი (აღაპი, ქელეხი)

ტრაპეზზე გარდაცვლილთა მოხსენიების კეთილმსახურებითი ჩვეულება დიდი ხანია ცნობილია. ის ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ იერემიასთანაა აღწერილი, საიდანაც ცხადდება, რომ ძველ იუდეველებს ჩვეულებად ჰქონდათ ~გარდაცვლილთა გამო სანუგეშოდ ... მათთვის პურის განტეხვა~ (იერემია, 16, 7).
მაგრამ, როგორ უნდა მოვიხსენიოთ სუფრასთან მიცვალებული ნათესავები და ახლობლები? სამწუხაროდ, არაიშვიათად მოხსენიება იქცევა ხოლმე ერთად შეკრების, უკანასკნელი ახალი ამბების განხილვის, გემრიელად მოლხენის საბაბად, მაშინ როცა მართლმადიდებელი ქრისტიანები, მოსახსენიებელ სუფრაზეც უნდა ლოცულობდნენ თავისი გარდაცვლილი ძმებისათვის.
ამ თავში განზოგადებულია მართლმადიდებლური ცხოვრებით მცხოვრები ადამიანების გამოცდილება, ცალკეული რჩევები და სურვილები ერთადაა თავმოყრილი.
დიდმარხვის დროს, თუ მოხსენიების დღეები (გარდაცვალებიდან მასამე, მეცხრე, მეორმოცე და წლისთავი) უწევს პირველ, მეოთხე და მეშვიდე კვირას. მიცვალებულის ახლობლები და ნათესავები არავის იწვევენ. ეს კვირეულები განსაკუთრებით მკაცრია, დაე, მაგიდასთან ისხდნენ მხოლოდ ყველაზე ახლობლები: დედა ან მამა, ცოლი ან ქმარი, შვილები ან შვილიშვილები.
თუ მოხსენიების დღეები უწევგს დიდმარხვის სხვა კვირეულების სამუშაო დღეებს, მაშინ ისინი გადაიტანება უახლოეს (წინამდებარე) შაბათს ან კვირას. ამ მოხსენიებს ეწოდება მისაგებებელი. ასე იმიტომ კეთდება, რომ დიდმარხვის სადღესასწაულო დღეებად ითვლება შაბათი და კვირა, როცა აღესრულება საღმრთო ლიტურღია.
აღდგომის შემდგომ პირველ რვა დღეს არ იკითხება ლოცვები მიცვალებულთათვის, არ სრულდება პანაშვიდები. ეკლესიაში იგალობება სააღდგომო კანონი. მიცვალებულთა მოხსენიებას მართლმადიდებელი ეკლესია უშვებს მხოლოდ თომას კვირის სამშაბათიდან (აღდგომის მე-9 დღე). ამ დღიდან მიცვალებულისათვის შეიძლება შევუკვეთოთ ორმოცი ჟამისწირვა, კვეთა და პანაშვიდი. სანაკში (ან სახლში), არDგომიდან თომას კვირის სამშაბათამდე კითხულობენ მხოლოდ სააღდგომო კანონს.
არ შეიძლება მოსახსენიებელ სუფრაზე დათრობა. მოხსენიება - ეს მწუხარების, გაძლიერებული ლოცვის დროა მიცვალებულის სულისათვის, რომელსაც შესაძლოა, ძალზე უჭირს. ნუთუ იმ სოფლად სულს შეუმსუბუქდება, თუკი ჩვენ აქ დავითრობით?
მაგიდასთან უკეთესია წავიკითხოთ ან ვიგალობოთ ის ლოცვები, რომელიც დამსწრეთა უმეტესობამ იცის და არა განვიხილოთ პოლიტიკური საკითხები და საყოფაცხოვრებო პრობლემები.
მოსახსენიებელი ტრაპეზი, რომელსაც განსვენებულის ნათესავები და ახლობლები აწყობენ, - ერთგვარი მოწყალებაა ყველა მოწვეულისათვის. აქედან წარმოდგება მასპინძელთა სურვილი,
დააპურონ სტუმრები მაძღრად და გემრიელად. მაგრამ, ამასთან უნდა დავიცვათ ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვის დღეები. გარდაცვლილებს იხსენიებენ იმ საჭმლით, რომელიც მოხსენიების დღეს არის დაწესებული: ოთხშაბათს, პარასკევს და ხანგრძლივი მარხვის დღეებში - სამარხვოთი, ხსნილში - სახსნილოთი.
მოსახსენიებელი ტრაპეზის წინ კითხულობენ მე-17 კანონს, ან პურის კურთხევის წესს, რომელსაც ერისკაცი ასრულებს. ლოცვებს კითხულობენ წმინდა ხატების წინ ანთებული სანთლით ან კანდელით. ამ დროს განსაკუთრებული ძალით უნდა ჟღერდეს მიცვალებულის შეწყალების თხოვნა.
უშუალოდ ჭამის წინ კითხულობენ ლოცვას ~მამაო ჩვენო~. პირველი კერძი, რომელსაც მიცვალებულის ნათესაობის და ახლობლების უფლებით, თავიდან მისი უახლოესი ნათესავები და მეგობრები სინჯავენ, არის წანდილი. ეს არის მოხარშული ხორბლის (ბრინჯის) მარცვლები, შერეული თაფლთან (ქიშმიშთან). მარცვლები მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოა, თაფლი (ან ქიშმიში) - სიტკბოსი, რომლითაც მართალნი ტკბებიან ცათა სასუფეველში. წანდილი იკურთხება ტაძარში პანაშვიდის დროს. შემდეგ მას სინჯავს ყველა იქ მყოფი. სუფრაზე ის მოაქვთ, როგორც წესი, მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს.
ჭამის შემდეგ კითხულობენ სამადლობელ ლოცვებს: ~გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო ...~, ~ღირს არს~ -ს...
მაგრამ ყველაზე მთავარია - ლოცვა გარდაცვლილი ადამიანის სულის განსვენებისა და შეწყალებისათვის. თუნდაც ისე რომ მოხდეს, რომ სახლში არაფერი დარჩეს, წყლისა და ხმელა პურის გარდა, ამის გამო მოხსენიებას არაფერი დააკლდება. თუ სახლში არ აღმოჩნდება ლოცვანი, უნდა წავიკითხოთ ის ლოცვები, რომლებიც ზეპირად ვიცით, მივმართოთ ღმერთს საკუთარი სიტყვებით, მთავარია სულთქმა (ოხვრა) გარდაცვლილთა სულისათვის ჩვენი გულიდან მოდიოდეს.
მოხსენიების დროს სუფრაზე, მიღებულია გარდაცვლილის სახელზე ადგილის, თეფშის, სასადილო მოწყობილობის, კერძების ნაწილის დატოვება. ეს ძალზე ძველი ჩვეულებაა.
დასაფლავების დროს არსებობს კიდევ ერთი ჩვეულება - სარკისათვის ნაჭრის ჩამოფარება. ამას კეთილმსახურების გრძნობით აკეთებენ, რათა არაფერმა ზედმეტმა არ გაფანტოს მწუხარება და ნაღველი მიცვალებულის გამო.
თუ ქრისტიანს, ახლობელი ადამიანის მოხსენიებაზე, ურწმუნო ოჯახში მიიწვევენ, უკეთესია, თუ უარს იტყვის მიწვევაზე. რამდენადაც, სიყვარული მარხვაზე მეტია, საჭიროა ვიხელმძღვანელოთ მაცხოვრის სიტყვებით: ~ჭამდით წინა დაგებულსა თქვენსა~ (ლუკა, 10; 8), მაგრამ დავიცვათ ზომიერება ჭამაში და საუბარში.

რა უნდა ვიცოდეთ დაკრძალვის შესახებ
(ძირითადი შეცდომები, რაც გავლენას ახდენს გარდაცვლილთა საიქიო ხვედრზე)

საჭიროა, მართლმადიდებელთა ყურედღება მიექცეს ზოგიერთ მნიშვნელოვან თავისებურებას, დაკრძალვის წესისა და მიცვალებულთა მოხსენიების შესახებ მორწმუნეთა ცოდნას რომ ავსებს.
1. აღდგომა დღეს საფლავებზე მიცვალებულთა მოხსენიება - საერო ჩვეულებაა. თომას კვირეულის სამშაბათამდე (აღდგომის მე-9 დღე) ეკლესია ღიად არ ლოცულობს მიცვალებულთათვის, არამედ მხოლოდ ფარულად, კვეთაში.
2. არ შეიძლება ტაძარში მიცვალებულის ერთ დღეზე მეტად გაჩერება.
3. არ შეიძლება, მარხვის დროს სახსნილო მოსახსენიებელი სუფრის (ქელეხის) გაკეთება, აგრეთვე ამ დროს ( მათ შორის ოთხშაბათსა და პარასკევს) სახსნილო საჭმლის მიტანა ეკლესიაში საკურთხად.
4. მიცვალებულის სამარეზე სანთლის დანთება შეიძლება მხოლოდ ჯვრის ან ხატის წინ და არა სახსოვარი ქვის წინ. საერთოდ, სამარეზე სახსოვარი ქვის დადგმა არამართლმადიდებლური ჩვეულებაა: თვითონ მიცვალებულები ეცხადებიან ახლობლებს და ეუბნებიან, რომ მათ ამ ქვების სახით სიმძიმე აწვებათ. არ შეიძლება მიცვალებულის ფოტოგრაფიის მოთავსება ქვაზე და მით უმეტეს - ჯვარზე.
5. არ შეიძლება მოუნათლავთა ან სხვაგვარად მორწმუნეთა მიმართ წესის აგება ან ნებისმიერი საეკლესიო წესის აღსრულება. მათთვის შეიძლება მოწყალების გაცემა, მათი სახელის უთქმელად.
6. ეკლესია არ ლოცულობს თვითმკვლელებზე. მაგრამ, თუ თვითმკვლელობა განხორციელდა სულიერი აშლილობის მდგომარეობაში, შეურაცხადობის მომენტში, მაშინ დასაშვებია ყველა საეკლესიო წესის აღსრულება.
თვითმკვლელთათვის შეიძლება მოწყალების გაცემა, მათი სახელის უთქმელად. ღმერთმა იცის და ხედავს, თუ ვისთვის გაიღება მოწყალება.
ძალზე კარგია გარდაცვლილთათვის სულიერი მოწყალების გაღება (განსაკუთრებით სასულიერო წიგნებისა). სულიერი მოწყალება იმდენად აღმატებულია ხორციელზე ღმრთის თვალთა წინაშე, რამდენადაც სული ძვირფასია სხეულზე.
ნებიუსმიერ ძნელად გადასაწყვეთ შემთხვევაში, აუცილებელია მივმართოთ მღვდელს ან ეპისკოპოსს.

ღმერთთან ყველა ცოცხალია

ღმერთთან არ არსებობს მკვდრები, არამედ ყველა ცოცხალია. ამის შესახებ თვით მაცხოვარი ამბობს: ~არა აღმოგიკითხავსა თქმული იგი ღმრთისმიერი, რომელს იტყვის: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი მკუდართაი, არამედ ცხოველთაი (მათე, 22, 31-32). მრავალი ჩვენგანი, ~ბრძენობს~ რა სარწმუნოების და გარდაცვლილთა საიქიო ხვედრის საკითხებზე, ივიწყებს ან თავს არიდებს მიცვალებულთა ჭეშმარიტი შეწევნის საქმეს. ბევრმა საერთოდ არ იცის ან უარს ამბობს, მართლმადიდებლურად დაკრძალვის წესზე და ამავე დროს ხალისით მისდევს სხვადასხვა წარმართულ საკულტო ქმედებებს და რიტუალებს (უხვ სუფრებს, მარმარილოს სამარის ქვებს, გვირგვინებს და ა.შ.).
ამ დროს კი ჩვენი გარდაცვლილი ნათესავები და ახლობლები ელიან ჩვენგან შეწევნას. მათ სჭირდებათ იგი. ჩემი სამღვდელო პრაქტიკიდან ცნობილია შემთხვევები (მრევლის მონათხრობით), როცა გარდაცვლილები ეცხადებოდნენ თავის ცოცხალ ნათესავებს (სიზმარში) და პირდაპირ გამოთქვამდნენ თავის გასაჭირს, საუბრობდნენ თავის ცდომილებებზე სიცოცხლისას ან აძლევდნენ დარიგებებს, რაღაცაზე აფრთხილებდნენ...
წმინდა მამები გვასწავლიან, არ მივენდოთ სიზმრებს, რადგანაც უმრავლესობას ჩვენს შორის, არა აქვს სულიერი განსჯის უნარი, რათა განსაზღვროს სიზმრის ბუნება, ანუ არის ის ცხოვრებაში მომხდარი რეალური მოვლენების ასახვა და განცდა თუ ხორცის მოძრაობის (ვნებების, ავადმყოფობათა და ა. შ. ) შედეგი; არის დაცემულ სულთა ბნელი სამყაროს გავლენა თუ ბოლოს და ბოლოს, ეს ნამდვილად სულიერი ურთიერთობაა საიქიოსთან, რომელიც ჩვენთვის დრომდეა დაფარული ... ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი სიზმარი მოგვეჩვენა მნიშვნელოვნად, საჭიროდ, რაიმეს შესახებ გამაფრთხილებლად, უწინარეს ყოვლისა, უნდა მივმართოთ რჩევისათვის სულიერ მოძღვარს, სამრევლო მღვდელს, ან თუნდაც სულიერად გამოცდილ ადამიანს.
მოგითხრობთ რამდენიმე, ჩემთვის სამახსოვრო მოვლენაზე, რომელსაც კავშირი აქვს ჩვენი საუბრის თემასთან.
ერთს ჩემს მრევლთაგანს, სიზმარში თანასოფლელი გამოეცხადა. ცხოვრებაში იგი მტკიცე ურწმუნო და სარწმუნოების და ეკლესიის მდევნელი იყო. მას ესიზმრა, რომ ეს ადამიანი იდგა სამრეკლოს ნანგრევთა ახლოს, რომელიც ერთ დროს სოფლის ბოლოში იყო და მასზე მითითებით ამბობდა: ~მე რომ სიცოცხლეში, თუნდაც იშვიათად მეცქირა ამ წმინდა ადგილისათვის, თუნდაც ერთხელ რომ შემეჩერებინა მასზე მზერა... ახლა ასე მძიმედ არ ვიქნებოდი~.
აი, როგორია სიწმინდის ძალა! თუნდაც დანგრეულის და შეგინებულის...
ბიძაჩემი ახალგაზრდობაში და შუახნის ასაკში მორწმუნე ადამიანი იყო, დადიოდა ღმრთის ტაძარში, კითხულობდა წმინდა წერილს. მაგრამ, დაემონა რა დროის სულს, მან დაკარგა ღმრთის რწმენა. დაანება თავი ეკლესიაში სიარულს, გაიტანა სახლიდან წმინდა ხატები. უფრო მეტიც, ის აზროვნებითაც კი უღმრთო გახდა და ათეიზმს ქადაგებდა. ლოცვების ნაცვლადD ტანვარჯიში დაიწყო. მაგრამ, მასთანაც მივიდა სიკვდილი. ოთხმოცი წლის ასაკში, ის ჩაწვა. სასიკვდილო სარეცელზე ის შფოთავდა, ხრიალებდა, რაღაცის თქმას ცდილობდა და მუდმივად ხელით კუთხეზე უთითებდა, სადაც უნდა დაკიდულ ყოფილიყო, მაგრამ არ ეკიდა ხატები. რაღაც საშინელი ეხვეოდა მას, თელავდა, აწვებოდა, და არ ჰყავდა მას მცველნი, ხელისამპყრობნი, შუამდგომელნი ღმერთთან, რადგან თვითონ ერთხელ, ნებაყოფლობით თქვა მათზე უარი.
ერთ ჩემს მრევლთაგანს გარდაეცვალა ნათესავი. ის მოუნათლავი იყო. თანაგრძნობით აღძრული, ეს ქალი მოვიდა ჩემთან და მკითხა, თუ როგორ შეემსუბუქებინა მისი საიქიო ხვედრი. მოუნათლავთათვის საეკლესიო ლოცვა დაუშვებელია, ამიტომ მე მას ვურჩიე, მიცვალებულის სახელით მოწყალების გაცემა, სახელდობრ - სულისმაცხონებელი წიგნებისა: შესაძლოა ვინმე, ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ, მოინათლოს, შეცვალოს უკეთესობისაკენ თავისი ცხოვრება და ეს იქნება ყველაზე ღმრთივსათნო მსხვერპლი მოუნათლავი მიცვალებულისათვის. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ქალი მოვიდა ჩემთან და მომიყვა, რომ სიზმარში ნახა გარდაცვლილი. ის იჯდა და ერთ-ერთ იმ წიგნს კითხულობდა, რომელსაც ეს ქალი გასცემდა; მაშასადამე, შეუწირავს ღმერთს ეს მსხვერპლი.
მრავალ ადამიანს, მათ შორის მორწმუნესაც, მიცვალებულთა მიმართ ჩვენს მოვალეობაზე არეული და დამახინჯებული წარმოდგენა აქვს. თვლიან, რომ აუცილებელია, პირველ რიგში, უხვი მოსახსენიებელი სუფრის მოწყობა, რტომელიც მაგარი სასმელებით და იშვიათი საჭმელებით იქნება გადაჭედილი, შემდეგ - საფლავზე ძვირფასი ქვის დადგმა, რათა ნაცნობებმა სიძუნწის გამო არ გაგვკიცხონ.
როგორ ცდებიან ეს ადამიანები და უფრო მეტიც, როგორ ზიანს აყენებენ თვის ძვირფას და საყვარელ მიცვალებულებს - ნათესავებს და ახლობლებს. მათი სულის განსვენებისათვის საჭიროა საეკლესიო ლოცვა -შეკვეთილი ჟამისწირვა, საშინაო ლოცვა - ფსალმუნის კითხვა, მოწყალების გაღება.
იყო ჩემს მსახურებით პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები. როგორღაც მოვიდა ჩემთან ერთი ქალი და მომიყვა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ დამარხეს ნათესავი, დაადგეს სამარეზეგრანიტის ქვა. და აი ეცხადება ამ ქალს სიზმარში მიცვალებული და და საყვედურობს რომ ეს მძიმე საფლავის ქვა ძალიან აწვება და ტანჯავს მას. მე ავუხსენი მას, რომ საფლავს აკურთხებს ჯვარი, სასურველია ხის. ჯვარი ხომჩვენი ცხოვნების, ჩვენი გამოსყიდვის იარაღია. სიცოცხლეში ჩვენ მკერდზე ვატარებთ ჯვარს, ვემთხვევით ჯვარს ღმრთის ტაძარში, ვიწერთ პირჯვარს, ამიტომ სიკვდილის შემდეგ ჩვენი განსვენების ადგილი ჯვრით უნდა იკურთხოს და არა გრანიტის ან მარმარილოს ნაჭრით.
ჩემს სხვა მრევლთაგანს, დაკრძალვიდან მცირე ხნის შემდეგ - სიზმარში - გამოეცხადა ნათესავი და უთხრა: ~ყველაფერი კარგადაა, მხოლოდ აპეურები ძლიერ მაწუხებენ~. აპეურები - ეს გვირგვინებია, რომლითაც ვავსებთ ჩვენ მიცვალებულთა საფლავებს. ეს კი წარმართული ჩვეულების გადმონაშთია. მართლმადიდებლური ჩვეულება ასეთ რამეს არ თხოულობს.
ერთხელ მიმიწვიეს სახლში წესის ასაგებად. ეს სოფელი, სადაც წასვლა მომიხდა, ჩვენი სამრევლოდან 5 კილომეტრში მდებარეობდა. მე მხოლოდ საღამოს შევძელი მიღწევა, უკვე ბინდდებოდა. დავამთავრე ძალიან გვიან, ამიტომ ღამით დარჩენამ მომიწია. გამთენიისას კარზე კაკუნმა გამომაღვიძა. შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, ამ სოფლის მცხოვრები. იგრძნობოდა, რომ ძლიერ ღელავდა. თავიდან, ჩემი დანახვისას, ის დაიბნა, თითქოსდა რაღაცით შეძრული, შემდეგ სწრაფად დაიწყო ახსნა. აი რა მოხდა. ღამით (სიზმარში) გამოეცხადა მას, რამდენიმე წლის წინათ გარდაცვლილი მამამთილი და უთხრა: ~სოფელში მოვიდა მღვდელი, იმყოფება აქა და აქ (დაასახელა ადგილი, სადაც მე ვათენებდი), მიდით, სთხოვეთ მას, რათა წესი ამიგოს, თორემ ვწევარ ასე წესაუგებელი~. ქალმა მომითხრო, რომ იმ დროს, როცა მისი მამამთილი გარდაიცვალა, მღვდელი არ ჰყავდათ, ამიტომ წესის აუგებლად დაკრძალეს. და რაც განსაკუთრებით საოცარია, ამ ქალმა მხოლოდ ერთხელ ნახა თავისი მამამთილი - როცა ის უკვე კუბოში იწვა, სიცოცხლეში ის მას არ იცნობდა და არასოდეს უსაუბრია მასთან. უნდა ითქვას, რომ მე არ მიყვარს დაუსწრებლად წესის აგება, მაგრამ აქ განსაკუთრებული საჭიროება იყო (ჩანდა ღვთის განგებულება განსვენებულზე), ამიტომ, იმავე დღეს წესი ავუგეთ.
ერთხელ, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს დამეწია ქალი და ცრემლებით მეუბნება: ~მამაო, იქნებ, კიდევ ერთხელ ავუგოთ წესი ჩემს გოგონას?~ მოხდა კი შემდეგი: იმ დროს, როცა ეს ქალი სამგზავროდ იყო წასული, მისი გოგონას სამარეში თვითნებურად დაკრძალეს მიცვალებული. ქალი დაბრუნდა და სიზმარში ხედავს ათი წლის წინ გარდაცვლილ ქალიშვილს, რომელიც ეუბნება მას: ~დედა, მე თვითონ ცოდვილი ვარ, მაგრამ, რატომ დაასვენეს ჩემს სამარეში ლოთი?~ (ნამდვილად, შემდეგ გაირკვა, რომ დამარხეს ქალი, რომელიც არყის სმით მოკვდა). დილით დედა გავარდა სასაფლაოზე და გაოცდა ახალი სამარის ნახვით. მე ავუხსენი ამ ქალს, რომ ხელმეორედ წესის აგება საჭირო არაა, მაგრამ საჭიროა პანაშვიდის გადახდა.
ერთმა, ოთხმოცდაათი წლის ქალმა მიამბო,რომ მას, სიკვდილიდან მეორმოიცე დღეს, სიზმარში გამოეცხადა ნაცნობი მედავითნე. სიცოცხლეში ის ეხმარებოდა მას მეურნეობაში: რეცხავდა იატაკს, ჭურჭელს, ალაგებდა. მან ნაღვლიანად უთხრა: ~რატომ ლოცულობთ ასე ცოტას, ჩემთვის ხომ იმაზე უკეთესი შეწევნა არ არსებობს, ვიდრე ფსალმუნთა კითხვაა~.
ერთხელ, ჩემთან მოსანათლად მოვიდა გოგონა თავის ყმაწვილ დასთან ერთად. მონათვლის შემდეგ მათ მიამბეს, რომ მათს დედას ორჯერ გამოეცხადა სიზმარში, გარდაცვლილი ქმარი და უთხრა: ~მონათლე ბავშვები~.

კითხვები და პასუხები

კითხვა: არსებობს ჩვეულება, რომ მეორმოცე დღემდე, მიცვალებულის ნივთებიდან არაფრის გაცემა არ შეიძლება. სწორია ეს?
პასუხი: ეს ეშმაკისგან შთაგონებული ჩვეულებაა. პირიქით მიცვალებულისათვის სიკეთე უნდა ვაკეთოთ. შევწიროთ მონასტერს, ტაძარს საბარძიმო ღვინო (ზიარებისთვის), ფქვილი (სეფისკვერისათვის), ცვილი (სანთლისათვის), გავცეთ გარდაცვლილის ტანისამოსი, ვიყიდოთ ნაკურთხი წიგნები (და გავცეთ მორწმუნეებზე) და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მეორმოცე დღემდე და არა შემდეგ. როდის უნდა ვიშუამდგომლოთ განსასჯელისათვის - სასამართლომდე თუ შემდეგ? ასეა აქაც: სული გადის საზვერეებს, აღესრულება სამსჯავრო, საჭიროოა მისთვის შუამდგომლობა: ლოცვცა და მოწყალების გაცემა, ადამიანები კი ამას არ აკეთებენ.

კითხვა: შეიძლება თუ არა საფლავზე ან საფლავის ჯვარზეგარდაცვლილის ფოტოსურათის მოთავსება? საჭიროა თუ არა საფლავის მოვლა, მასზე მაგიდების, სკამების დადგმა, იქ ტრაპეზობა?
პასუხი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფოტოგრაფიის მოთავსება. კეთილმსახური მორწმუნენი საფლავზე დგამენ კანდელს და ხატს, რომელსაც ნივთთა შესანახ ბუდეში (ფუტლიარში) ათავსებენ. ასევე არ შეიძლება მაგიდების და სკამების დადგმა, სადილობა. ეს წარმართული ჩვეულებაა. მორწმუნენი მიცვალებულს ლოცვით იხსენიებენ.

კითხვა: შეიძლება თუ არა საფლავზე სახსოვარი ქვის დადგმა, რომელზედაც ამოკვეთილი იქნება ჯვარი?
პასუხი: საფლავზე უნდა იყოს მხოლოდ ჯვარი.

კითხვა: არის ჩვეულება, საფლავზე სანთლის ან კანდელის ანთებისა. სწორია თუ არა ეს?
პასუხი: საფლავზე სანთლის დანთება შეიძლება იმ პირობით, თუ ეს სანთლები ენთება ხატის წინ, და არა ქვის ან მიცვალებულის ფოტოსურათის წინ.

კითხვა: ვინ და ვისი კურთხევით შეიძლება ისარგებლოს საკურთხიდან დატოვებული საჭმლით? ვისთვის ტოვებენ ამ საჭმელს?
პასუხი: ეს იმ მღვდლის საქმეა, რომელიც აკურთხებს.

კითხვა: ნებადართულია თუ არა სამარხვო დღეებში სახსნილო საჭმლის მიტანა საკურთხად?
პასუხი: სამარხვო უკეთესია.

კითხვა: ბევრი ადამიანი აღდგომის პირველ დღეს გადის სასაფლაოზე, რამდენად სწორია ეს ჩვეულება?
პასუხი: ეს თანამედროვე ჩვევაა. მორწმუნეებმა იციან, რომ მიცვალებულთა მოხსენიება იწყება კვირაცხოვლობის შემდეგ.

კითხვა: უნდა დავტოვოთ თუ არა ტაძარში ორმოცი დღით ის ხატი, რომელიც წესის აგებისას მიცვალებულზე ესვენა და სად უნდა წავიღოთ იგი ამის შემდეგ?
პასუხი: არის ჩვეულება, რომ ხატი მეორმოცე დღემდე რჩება ტაძარში, მეორმოცე დღის შემდეგ კი მიაქვთ სახლში. საფლავში ხატს არ ატანენ.

კითხვა: როგორი სიხშირით და უფრო რომელ დღეებში უნდა მივიდეთ ახლობელთა საფლავებზე და რა უნდა ვაკეთოთ იქ? შეიძლება თუ არა იქ ძაღლების წაყვანა?
პასუხი: მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში, თუ ეს ტაძრისგან არ გვწყვეტს, ან არადა მეორე დღეს უნდა მოვინახულოთ საფლავები, წავიკითხოთ 118-ე ფსალმუნი. სასაფლაოზე, განსაკუთრებით გალავნის შიგნით, სადაც ტაძარში იმყოფება, ძაღლების შეყვანა არ შეიძლება.

კითხვა: კარგია თუ არა საფლავების მორთვა?
პასუხი: საფლავების მორთვა მიცვალებულისთვის სარგებლის მომტანი არაა, არამედ საზიანოა მათი სულისათვის.

კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია ახლობელთა მოხსენიების დღეს: სასაფლაოზე გასვლა თუ ეკლესიაში წირვის აღვლენა?
პასუხი: წირვის აღვლენა ტაძარში, ნათესავთა საფლავების მონახულებაზე მნიშვნელოვანია.

კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენიებისას: მოწყალება, პანაშვიდი, ჟამისწირვა?
პასუხი: მიცვალებულთათვის ყველაფერი კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ თუ გარდაცვლილი მცირედ მორწმუნე იყო, მისთვის უმჯობესია მოწყალება ვიდრე ლოცვა.

კითხვა: კარგია თუ არა საფლავზე მღვდლის მიწვევა პანაშვიდის გადასახდელად?
პასუხი: იყო შემთხვევა როცა საფლავზე მსახურების შემდეგ, მიცვალებული გამოეცხადა ნათესავს და უთხრა: ~აქამდე თითქოს ქვა მედო, ხოლო როგორც კი პანაშვიდი გადამიხადე, თითქოს მაშინვე მომხსნეს ქვა~.

კითხვა: გამიგია, რომ ბრწყინვალე შვიდეულში გარდაცვლილნი ცათა სასუფევლის ღირსნი ხდებიან. ასეა ეს?
პასუხი: ეს მართალია, მაგრამ არა ყველასათვის. ის, ვინც ატარებდა ჯვარს, დიდმარხვაში ეზიარა, ინანიებდა, კეთილმსახურად ცხოვრობდა, ნამდვილად ღირსი ხდება ნეტარი ცხოვრებისა. ხოლო ვინც ამას არ იქმოდა, ის სასუფეველს ვერ ეღირსება.

კითხვა: შეიძლება თუ არა, საპატიო მიზეზთა გამო, მღვდელმა სახლში და არა ტაძარში აუგოს წესი მიცვალებულს?
პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ტაძარში იმიტომ მიჰყავთ მიცვალებული, რომ წირვისას მასზე ილოცონ.

კითხვა: შეიძლება, თუ არა, ლოთობით გამოწვეული დაავადებით გარდაცვლილთა ტაძარში მოხსენიება?
პასუხი: შეიძლება, თუკი ისინი მორწმუნე მართლმადიდებლები იყვნენ და უშუალოდ ლოთობისაგან არ დაიღუპნენ (არ დათვრნენ სიკვდილამდე).